გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, გაერო-ში ევროკავშირის წარმომადგენელი და ორგანიზაციაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მსგავი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას.
შეხვედრაზე მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების თაობაზე, ისაუბრა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე მიმდინარე დიალოგის შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.
26.09.14
Discussion about this post