საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა ურბანული განვითარების კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც “თბილისი თაიმსს” რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ გიორგი შუხოშვილთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
მათივე ინფორმაციით, ისინი მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონის კონფერენციაში – “მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში”. კონფერენციაში თბილისის მერი, დავით ნარმანია მონაწილეობს.
დღეს გამართულ სესიაზე გერმანიასა და ევროპაში ურბანული განვითარების კუთხით არსებული ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ურბანული განვითარების ინტეგრირებულ პერსპექტივებსა და თანამონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომებზე. ასევე, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის განვითარებაში გარდაქმნის პროცესს, რომელიც წყალმომარაგების სექტორში ესტონეთის გამოცდილებას ეფუძნებოდა.
დღესვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ურბანული განვითარების კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
30.09.14
Discussion about this post