ნათქვამია რომ, ხელოვნება საყოველთაოა – მას არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს. საინტერესოა ის პროცესი, როდესაც ცდილობ გონებით ჩაწვდე ყველაფერს – ხელოვანების მიერ შექმნილს, შენახულსა და გაგრძელებულს. რა დროშიც არ უნდა ეცხოვრა ადამიანს, თავისი განვითარების სტადიაზე ყოველთვის ცდილობდა გარშემო არსებული სამყაროს გააზრებას და ამოხსნას. ხელოვანი ადამიანები კი, ამ ნააზრევს თავის შემოქმედებაში დებდნენ. საქართველოში მრავლად არიან ასეთი ადამიანები, თუმცა მათი ნაწილი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
„თბილისი თაიმსის“ სტუმარია 27 წლის ხელოვანი გიორგი ყანჩელაშვილი, ის თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. რთულია მისი ნაკეთობების ნამდვილისა და ბუნებრივისგან გარჩევა ამიტომ ის ვინც გიორგის მუშაობის პროცესს ეცნობა ყოველთვის აღნიშნავს, რომ ეს ნამდვილი ხელოვნებაა. საქართველოში ამ საქმიანობით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული. ბევრმა არც იცის,რომ სხვადასხვა მასალით შეიძლება შექმნა ის,რაც ყველასთვის წარმოუდგენელია: გქონდეს ხელოვნური ბუხარი, წყარო, ჩანჩქერი – საკუთარ ეზოში, ქვის ხელოვნური კედელი, ხის ჭერი – როდესაც მასალა ხე არ არის და ყველაფერი ის, რასაც ადამიანის ფანტაზია წვდება. გიორგი ამბობს, რომ ეს საქმე ერთ დღეს მის ცხოვრებაში საინტერესოდ შემოიჭრა, სინამდვილეში კი სულ სხვა ოცნებები და გეგმები ჰქონდა.
„ჩემი ცხოვრება სპორტთან იყო დაკავშირებული და ვფიქრობ, რომ დღემდე მყარია ეს კავშირი. ველო მრბოლელი ვიყავი, 7 წელი საქართველოს ფარგლებში სხვადასხვა შეჯიბრებაში ვიღებდი მონაწილეობას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მწვრთნელთა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ხდება ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ საბედნიეროდ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ის საქმე, რასაც დღეს ვაკეთებ. დღემდე ყოველდღიურად ვვარჯიშობ, სირბილი ფიქრში მეხმარება. წარმოვიდგენ ჩემს ნაკეთობებს ვადარებ მათ ერთმანეთს, გონებაში ვხვეწავ დეტალებს. მუდმივი პროგრესის ძიებაში ვარ. მინდა ეს ყველაფერი იმდენად სრულყოფილთან მიახლოვებული გამოვიდეს, რომ მეც კი ვერ დავიჯერო საკუთარი ნახელავი“.
პირველ ნაკეთობაზე მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, ეს ყველაფერი ძალიან რთული და საინტერესო გამოდგა მისთვის, თუმცა ინტერესმა ძლია და შესწავლა გადაწყვიტა, აკვირდებოდა მათ ვისაც ეხმარებოდა და საკუთარ შექმნილს წარმოიდგენდა. „ დიდი ხანი ვაკვირდებოდი მათ, ვსწავლობდი და ვითვისებდი, ვქმნიდი ჩემს დეტალებს. ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს იმდენად, რამდენადაც იგი დაკავშირებულია ხატვასთან, წარმოსახვასა და ფანტაზიასთან . შემდგომ კი ისე მოხდა, რომ გავნაწილდით და დღეს უკვე წელიწადზე მეტია ცალკე ვმუშაობ. მარტო მუშაობა ჩემთვის ორმაგი სიამოვნებაა, რადგან ამ დროს უფრო უკეთ ვფიქრობ და წარმოვიდგენ. მგონია რომ უმეტესობა სწორედ ასეა“. როდესაც გიორგის ეკითხებიან შიდა სამზარეულოს გახსნას ყოველთვის თამამად პასუხობს, რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ რეალური არ არის, თუმცა რეალური და გამძლეა ის მასალა რითიც ნაკეთობები კეთდება. თაბაშირ-მუყაო, საგოზავი (შპაკლი), საღებავები ესაა ის ყველაფერი, რომლითაც იქმნება ხის კასრი, ჭერი, წყარო, კედელი, ბუხარი. ბუნებრივთან შედარებით ის სახლის პირობებში 20-25 წელიწადი ძლებს, ორჯერ უფრო იაფია და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი აქვს. „მეკითხებიან პრინციპის ახსნას, მეც ვუხსნი თუმცა რაც არ უნდა მარტივად ვისაუბრო მაინც რთულია ამ ყველაფრის გაკეთება. ამას უნდა დრო, ხელობის ცოდნა და ფანტაზია, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას ულევი გვაქვს, თუმცა მისი სწორად გადმოტანის პროცესია ყველაზე საინტერესო დეტალი. ხელოვნებასა და ხელოსნობას შორის ერთი ასოა განსხვავება, ასეთივე განსხვავებაა ჩემს ნაკეთობებშიც. ღმერთის ბუნებრივად დახატულს ვერც შეედრება მაგრამ ვცდილობ, რომ მხატვრობით ისინი მივამსგავსო იმას,რაც მომხმარებელს უნდა, და როგორც ნათქვამია მომხარებელი ყოველთვის მართალია. მეც ვცდილობ მათი იმედები გავამართლო.“ პროგრესი ისევე, როგორც ყველაფერს ამ საქმესაც სჭირდებოდა. თავდაპირველი ნამუშევრები დაუხვეწავი, ფერებსა და დეტალებში არეული იყო. ეს ხელობა სიზუსტეს მოითხოვს, რადგან ხელოვანის მიზანია დეტალებში მიაღწიოს მსგავსებას. როდესაც ნებისმიერ იმიტაციას ვხედავთ, აქ სამშენებლო მასალაზე მეტი დატვირთვა მხატვრობას აქვს. ფაქტობრივად, მხატვრობით ემსაგევსება ნებისმიერი ნაკეთობა სასურველს, იხატება ხის ფორები და ქვები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ საქმის ის არის,რომ იმიტაცია მოქმედია, „წყაროდან“ წყალი გამოდის, „ხის“ კასრებში სასმელი ასხია, „ჭერში“ განათებაა.
„ ყველა ჩემი ნამუშევარი მიყვარს, თითოეული ჩემთვის განსაკუთრებულია მათში დიდი ემოცია, ნერვიულობა და სიხარული დევს. მიჭირს ამოვარჩიო განსაკუთრებული, თუმცა დავასახელებ იმას, რაც ბევრს მოეწონა და ბევრმა მითხრა რომ კარგია. მცხეთაში ეზოში გავუკეთე ერთ კაცს წყარო, რომლისგანაც მომავალი წყალი ჩადიოდა აუზში. როდესაც საქმე დავამთავრე მითხრა, რომ მთელი ეს დრო გიყურებდი და ხომ ვიცი, როგორ გააკეთე მაგრამ მაინც ნამდვილი ქვა და ნამდვილი წყარო მგონიაო. სხვა მნახველები, ვინც შემოდიოდნენ ეკითხებოდნენ ამხელა ქვა საიდან მოიტანეთო და ა.შ. ჩემთვის ეს სიამოვნების პიკია, როდესაც ვისმენ როგორ მოსწონთ. ამიტომ მიყვარს ეს საქმე, იგი სხვებისგან განსხვავებით გაძლევს მადლიერებასთან და შემოსავალთან ერთად ამ ოვაციას, რომელიც უფრო თავდაჯერებულს გხდის. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრს უწევს ისეთი საქმის კეთება და ისე მუშაობა, რომ საერთოდ არ სიამოვნებს მაგრამ შემოსავალი სჭირდება. მე მიხარია, რომ ეს ჩემი საყვარელი საქმეა.“
მომხმარებლებისთვის ყველაზე მთავარი დრო და ფულია. ეს საქმე კი გაძლევს საშუალებას ნაკლები დრო და ფული დახარჯო თან ისე,რომ სასურველი შედეგი მიიღო. მომხმარებელი ძირითადად ფეისბუქ გვერდის საშუალებით უკავშირდება გიორგის, უკვეთავს სასურველ ნაკეთობას და ელოდებიან იმიტაციას.
„ საქართველოში ალბათ 3-4 კაცი იქნება ვინც ამას აკეთებს. ბევრმა არც იცის იმიტომ, რომ ბუნებრივისგან ვერ ანსხვავებენ და კითხვაც არ უჩნდებათ. ან თუ იციან ისიც ჩვენი გაკეთებული. როდესაც აბაშიძის ქუჩაზე ღვინის მაღაზიაში კასრები და კედლები გავაკეთე ვთხოვე, რომ თუ ვინმე დაინტერესდებოდა ჩემთვის დაერეკათ, თუმცა ბიჭებმა მითხრეს, რომ იმდენად ჰგავს ბუნებრივს,რომ არ სვამენ კითხვას ნამდვილია თუ არაო?!. ძირითადად ფეისბუქის საშუალებით მიკავშირდებიან, ჩემს გვერდზე ფოტოები მიდევს, იქიდან მწერენ ან მირეკავენ. ესაა ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო.“ გოირგი ყანჩელაშვილის ერთწლიანი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგად მრავალი ნამუშევარი დაუგროვდა, ფიქრობს, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ ღირს. საკუთარ საქმეში მუდმივად უნდა დაინახო რაიმე ახალი,რომ პროგრესისკენ განაგრძო გზა. პროგრესს კი გამარჯვება შეუძლია.
06.10.14
ნათია კეკენაძე