ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამმა მსოფლიოს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. ამსტერდამი, რომელიც თავისი ორიგინალურობით და კრეატიულობით მსოფლიოს ერთ-ერთ სასურველ ქალაქად ითვლება, ტურისტებსა და განსაკუთრებით, მეცნიერებაზე შეყვარებულ ადამიანებს ქალაქში იწვევს.
დედაქალაქში მდებარე ამ „ზოოპარკში“ მაიმუნები, სპილოები და ლომები არ ცხოვრობენ, მაგრამ მნახველს შეუძლია მილიონობით უხილავი მიკრო-ორგანიზმის დათვალიერება. მიკრო-ორგანიზები ადამიანებისთვის ავადმყოფობასთან და დაავადებებთან ასოცირდება, თუმცა ისინი ჩვენი გადარჩენისთვის ყველაზე საჭირო ცოცხალ არსებებს წარმოადგენენ, სწორედ ამ იდეიდან წარმოიშვა სურვილი, რომ გახსნილიყო მიკრო-ორგანიზმების მუზეუმი – მიკროპია.
ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობენ – მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში და დედამიწის წიაღშიც კი. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი კი – მილიონს. დედამიწაზე ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში. ადამიანის სხეულში ათასობით ბაქტერიაა, განსაკუთრებით ბევრია კანზე და კუჭ-ნაწლავში. ამ ბაქტერბიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კი არის, თუმცა არსებობენ პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც სხვადასხვა საშიშ დაავადებას იწვევენ.
ფიქრობენ, რომ მუზეუმის ყველაზე საინტერესო ნაწილი განთავსებული ვიდეო სკანერია,ნრომელიც მნახველებს საშუალებას აძლევს ნახონ, რა რაოდენობის მიკრობია ნებისმიერი ნივთში. მათ შეუძლიათ საკუთარი ნივთი ჩადონ სპეციალურ კოლბაში და ვიდეო ინსტალაცია ლურჯ ფონზე – თეთრად მიკრობებს უმალვე გამოაჩენს. ვიდეოში, (იხილეთ სტატისს ბოლოს) ჩანს მობილური ტელეფონის მიკრობების რაოდენობა, მათი მოძრაობა და ზომა. ხოლო, მეორე ვიდეში (იხილეთ სტატისს ბოლოს) ჩანს, როგორ ხდება ადამიანის სხეულის სკანირება და ეკრანზე გამოსახულია ადამიანის ორგანიზმში მიკრობების რაოდენობა და მოძრაობის ვიზუალიზაცია.
„ამ მუზეუმში სამყაროს უხილავი ნაწილია წარმოდგენილი“ – ამბობს მუზეუმის შექმნის ინიციატორი, ჰაიგ ბალიანი.
„სამყაროს ორი მესამედი ამ პლანეტაზე უხილავია. ერთადერთი გზა, რომ ისინი ხილულნი გავხადოთ მათი წარმოდგენაა. თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ყველა ადამიანი თან ატარებს ორ კილოგრამ მიკრო-ორგანიზმსა და ბაქტერიას, ჟანგბადის ნახევარი კი რომელსაც ვსუნთქავთ ბაქტერიებით არის სავსე და ორგანიზმში ათჯერ უფრო მეტი მიკრობი გვაქვს ვიდრე უჯრედი, მივხვდებით, რომ თავად ვართ სამყაროს უხილავი ნაწილი,“ – განმარტავს ბალიანი.
მუზეუმი, რომ სწორედ ჰოლანდიაში აშენდა შემთხვევად არავინ თვლის, რადგან მიკრობებზე პირველი დაკვირვებები ჰოლანდიელმა მეცნიერმა – ანტონ ვან ლევენჰუკმა დაიწყო, რომელმაც 1675 წელს, საკუთარი დიზაინით შექმნა მიკროსკოპი.
მიკროპიას მუზეუმში ბაქტერიების დანახვის გარდა მნახველს შეუძლია დააკვირდეს თუ, როგორ ცხოვრობენ ისინი, რა ქცევები აქვთ, როგორ იკვებებიან. ერთ-ერთი ასეთი მიკროსკოპული ვიდეო ტროპიკულ ხილს, კივს შეეხება. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ჭამს ბაქტერია კივის უჯრედებს და როგორ იხრწნება ის.
ფიქრობენ, რომ ბაქტერიების განვითარება ადამიანის ევოლუციასთან ერთად დაიწყო და დღესაც გრძელდება. როგორც გაირკვა, ადამიანები ბაქტერიების გარეშე იბადებიან და ცხოვრების პირველ წლებში იღებენ მათ. ჩვილი ბაქტერიების პირველ ნაკადს ღებულობს სამშობიაროში, თუკი ბავშვი საკეისრო კვეთით არის გაჩენილი, იგი არ იღებს მიკრო-ორგანიზმების ამ წილს, რის გამოც მას რამდენიმე სახის ალერგიისა და სხვა დაავადების რისკი ეზრდება.
აღნიშნულის გაგება და ნახვა სწორედ ამ მუზეუმშია შესაძლებელი. აქვე წარმოდგენილია ადამიანთა უჯრედის სხვადასხვა ბაქტერიების კატალოგებიც, რომელის შექმნაშიც ასობით მეცნიერი იღებდა მონაწილეობას, მუშაობა კატალოგზე 2013 წელს დასრულდა.
მეცნიერებმა და ექსპერტებმა ეს მუზეუმი შეაფასეს მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებად, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მნახველთა წარმოდგენას სამყაროს შესახებ.
I – https://www.youtube.com/watch?v=O3_auF2ZkGA
II – https://www.youtube.com/watch?v=O3_auF2ZkGA
წყარო: euronews.com
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე