2014 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დასრულდა. ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ ქართული ტურისტული კომპანიები წლევანდელ სეზონს, რამდენად იყო ზაფხულის ტურისტული სეზონი მათთვის მომგებიანი, რომელი ქვეყნებიდან იყო შემოსული ყველაზე მეტი ტურისტი, საქართველოს რომელ კურორტებზე იყო მოთხოვნა და ყველაზე დიდი დაინტერესება გამოხატული.
გამოიკითხა 8 ტურისტული კომპანია – „GO ტური“; „მოგზაურთა კლუბი“; „ინტერკონტინენტალი“; „კალიფსო თრეველი“; „იტა ჯორჯია“; „როიალ თრეველი“; „გუდ თრეველი“ და „მიმინო თრეველ ჯორჯი“.
GO ტური:
„2014 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩვენი ტურისტული კომპანიისთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. სეზონმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ჩვენმა კომპანიამ ამ ზაფხულს 200-მდე ტურისტი შემოიყვანა. ტურისტების უმეტესობა, ამ სეზონზე, დსთ-ს ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან და უკრაინიდან იყო, პირველად გამოხატეს დაინტერესება დუბაიდან. წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო ბათუმი. ქართველი დამსვენებელი კი ტურებს ეგვიპტისა და თურქეთის მიმართულებით ითხოვდა, გარდა ამისა იყო ევროპის ქვეყნებზეც მოთხოვნა. 2014 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩვენმა კომპანიამ მოგებით დასრულა. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით კი გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ძალიან ბევრ ტურისტს შემოვიყვანთ საქართველოს სამთო კურორტებზე, რაზეც მუშაობა უკვე დაიწყო.“
მოგზაურთა კლუბი:
„ზაფხულის სეზონმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა დაინტერესება წინა წლებში უფრო მეტი იყო. წელს ჩვენი კომპანიის საშუალებით ყველაზე მეტი ტურისტი ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ბულგარეთიდან ტურისტებმა ჩვენი კომპანიის საშუალებით, წელს პირველად გამოთქვეს საქართველოში დასვენების სურვილი. უცხოელებისთვის ყველაზე მოთხოვნადი წელს სიღნარისა და ბათუმის ტურები იყო. ეს სეზონი კომპანიამ წაგებით დაასრულა. ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე, ვიზიტორებს კი ძირითადად უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ველოდებით.“
ინტერკონტინენტალი:
„ზაფხულის სეზონმა საკმაოდ აქტიურად ჩაიარა, კომპანია კმაყოფილია შედეგებით, თუმცა წელს გარე ტურებზე უფრო მეტი იყო მოთოვნადა დაინტერესება, ვიდრე უცხოელების მხრიდან შიდა ტურებზე, დაახლოებით 80/20 %-თან თანაფარდობით. ქართველი დამსვენებელი, ფასიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ითხოვდა ეგვიპტის ტურებს. საქართველოში კი კაზანტიპიდან გამომდინარე ანაკლია იყო წელს ყველაზე აქტუალური. წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი კომპანიამ მოგებით დაასრულა. მომავალი ზამთრის სეზონისთვის ტურები ჯერ არავის დაუჯავშნია, შარშან საკმაოდ აქტუალური იყო ზამთრის ტურები და წელსაც იგივე მოლოდინები გვაქვს, სეზონი ბინებრივი პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიხსნება.“
კალიფსო თრეველი:
„ზოგადად ჩავლილი სეზონით კმაყოფილები ვართ, ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით თუ რამდენმა ტურისტმა ისარგებლა ჩვენი მომსახურებით, რადგანაც ჯერ არ შეგვიჯამებია სეზონი, თუმცა წინა წლებში უკეთესი სეზონი იყო. ყველაზე მეტი ტურისტი წელს რუსეთიდან შემოვიდა. წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან მოთოვნადი იყო აჭარის რეგიონი. რაც შეეხება გარე ტურებს, ქართველი მომხმარებლისთვის წელსაც ეგვიპტე და თურქეთი იყო აქტუალური. 2014 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი კომპანიამ მოგებით დაასრულა,რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონს, რომელიც გაიხსნება დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან, წელსაც ყველაზე მეტ სტუმარს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ველოდებით.“
იტა ჯორჯია:
„ჩვენი კომპანია მხოლოდ გარე ტურებზე მუშაობს, ამ კუთხით სეზონი საკმაოდ აქტიური იყო, ყველაზე მოთოვნადი ქართველი დამსვენებლისთვის წელსაც იყო თურქეთი და ეგვიპტე. კომპანიამ ეს სეზონი მოგებით დაასრულა. ზამთარში ქართველი მომხმარებელი ძირთადად – ეგვიპტისა და დუბაის ტურებს ითხოვს, ამ ტურებზე მოთოვნა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დაიწყება.“
როიალ თრეველი:
„ზაფხულის სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ჩვენი კომპანიის დახმარებით, წელს ყველაზე მეტი ტურისტი ევროპის ქვეყნებიდან შემოვდა საქართველოში, ახალი ზელანდია იყო ქვეყანა, საიდანაც, ჩვენი ტურების საშუალებით, წელს პირველად გამოხატეს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. სეზონზე ყველაზე მოთოვნადი იყო ზღვისპირა და ბალნეოლოგიური კურორტები. კომპანიამ წლევანდელი ზაფხულის სეზონი მოგებით დაასრულა და იგივე მოლოდინები გვაქვს ზამთრის სეზონთან დაკავშირებით.“
გუდ თრეველი:
„ზოგადად, წინა წლებთან შედარებით, ჩვენ ამ სეზონით უკმაყოფილოები ვართ, წელს შედარებით იკლო ტურისტების ნაკადმა. წელს ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. საქართველოსთვის ტურიზმი აღარ არის პრიორიტეტი, შედარებით ნაკლები რეკლამა კეთდება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. უცხოელი დამსვენებლისთვის წელს ყველაზე მოთხოვნადი ბათუმი იყო, ქართველებისთვის კი- თურქეთი. კომპანიამ წლევანდელი სეზონი მოგებით დაასრულა, რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონს, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოდან გაიხსნება, იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონთან შედარებით უფრო აქტიური იქნება.“
მიმინო თრეველ ჯორჯია:
„კომპანიის გადმოსახედიდან, ამ წლის ზაფხულის სეზონმა ძალიან კარგად ჩაიარა. კომპანიას ქონდა ზრდა საქმიანობის მიხედვით, თუმცა ზოგადი ტენდენცია განსხვავებულია. ქვეყანაში ზოგადად ამ სეზონზე ტურისტების ნაკადის კლება იყო, ამის მიზეზი იყო ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უკრაინის არასტაბილური მდგომარეობა, რადგანაც უმეტესობა ავიარეისებისა უკრაინის გავლით იყო დაგეგმილი, რამაც ზოგადად ქვეყანაში გამოიწვია ტურისტების ნაკადის კლება. წინა წლებში ქვეყნის ბუნებრივი პირობების უფრო მეტი რეკლამა კეთდებოდა, პოპულარიზაცია უფრო დიდი იყო. ჩვენს შემთხვევასი ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან გვყავდა, ტურისტებმა აზიის ქვეყნებიდან წელს პირველად გამოხატეს ჩვენი ტურისტული კომპანიის დახმარებით საქართველოში მოგზაურობის სურვილი, ასევე გვყავდა ერთი ტურისტი სინგაპურიდან. წელს ძალიან პოპულარული იყო საქორწილო ტურები საქართველოსი, ასევე ძალიან მოთხოვნადი იყო ყაზბეგი და კახეთი. კომპანიამ ზაფხულის ტურისტული სეზონი, წინა წელთან განსხვავებით, მოგებით დაასრულა. რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონს, ველოდებით მერიის გადაწყვეტილებას ბაკურიანსა და გუდაურში ხელოვნური თოვლის საფარის გაკეთებასთან დაკავშირებით, შარშან ბუნებრივმა პირობებმა შეუშალა ხელი ზამთრის სეზონს.“
09.10.14
ნინა პირტახია