შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ვეტერინარი სპეციალისტების მიერ, კამეჩის უვარგისი ხორცის იმპორტის 3 სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა.
სმოსავლების სამსახურიც ცნობით, კერძოდ, 3 აპრილს ფოთის საზღვაო ნავსადგურში თბომავალით „ეკუატორ 314“ კამეჩის ხორცით დატვირთული კონტეინერი, საერთო წონით 28000კგ შემოვიდა.
ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას, ვეტერინარების მიერ აღებული ნიმუშები საკვლევად სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიის დასკვნამდე, ტვირთი შეაჩერებული იყო. 4 მაისს გამოქვეყნებული ლაბორატორიის ოქმის მიხედვით, აღნიშნულ ნიმუშში მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმები დაშვებულ ნორმაზე მეტი გამოვლინდა.
მეორე შემთხვევა კვლავ ფოთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 28 აპრილს დაფიქსირდა.
ფოთის საზღვაო ნავსადგურში თბომავალით „erkank k“ კამეჩის 28000კგ ხორცით დატვირთული კონტეინერი შემოვიდა, აცხადებენ შემოსავლებში.
ლაბორატორიულმა კვლევამ აღნიშნული კონტეინერიდან აღებულ ნიმუშებში ნორმაზე მეტი კოლიფორმები, მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმები დააფიქსირა.
მესამე შემთხვევა კი 9 იანვარს გამოვლინდა. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საწყობის სასაქონლო ოპერაციით, სარკინიგზო ტრანსპორტით 28 000 კგ ინდური წარმოშობის კამეჩის გაყინული ხორცი შემოვიდა.
დასაწყობებული კამეჩის ხორციდან 30 აპრილს სპეციალისტებმა ნიმუშები აიღეს და სრული მიკრობიოლოგიური გამოკვლევისთვის შპს ”ეტელონი”-ს პროდუქციის ტესტირების ლაბორატორიაში გაგზავნეს. კვლევის თანახმად, აღნიშნულ ნიმუშში დიდი რაოდენობით კოლიფორმები აღმოჩნდა.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილებით, მავნებელი სურსათი სამივე შემთხვევაში, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
07.05.13