საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის ოჯახური ძალადობის თემაზე იმუშავებს. სამუშაო ჯგუფი მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში იქნება. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა სახელმწიფო ადმინისტრაციაში ამ წუთებში იწყება. ჯგუფის წევრები არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის ახალი არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის არც საქართველოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა მრავალი უწყების ვალდებულებაა. “ჯანდაცვის სამინისტროში წლებია არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სპეციალური დეპარტამენტი. ჩვენი მთელი ეს პერიოდი მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ ის საქმიანობა, რასაც ახორციელებდნენ სახელმწიფო უწყებები იყოს კოორდინირებული პრემიერის მიერ. რაც, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ბევრად მეტ შესაძლებობებს მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვმართოთ ეს საკითხი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. კითხვაზე, სახალხო დამცველის განცხადებით, სოციალური მუშაკები ვერ მუშაობენ ამ მიმართულებით ოჯახებში და შეიცვლება თუ არა ამ კუთხით რაიმე, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკების შრომის ეფექტურობაზე მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. მისი თქმით, ის მადლობელია სახალხო დამცველის ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე აქამდეც მიდიოდა მუშაობა და მომავალშიც გაგრძელდება. “ოჯახში ძალადობის საკითხი კომპლექსურია, ეს არ რეგულირდება მხოლოდ რეგულაციებით და საკანონმდებლო ცვლილებებით, ის მოითხოვს, როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების ფართო ჩართულობას ამ საკითხში”, – აღნიშნა სერგეენკომ. 22.10.14
Discussion about this post