საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. სესხის ვადა შეადგენს 5 წელს და განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის საქართველოში.
„საქართველოს ბანკსა და მისი დიდი ხნის პარტნიორს, DEG–ს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ხაზს უსვავს საქარველოს ბანკის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. ხსენებული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ დაფინანსებაზე წვდომა ჩვენი კლიენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში და კიდევ უფრო გავზარდოთ ბანკის კონკურენტულობა მოცემულ სექტორში,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
„საქართველოს ბანკისა და DEG–ს შორის პარტნიორობა უკვე თითქმის თხუთმეტ წელს ითვლის. მოხარული ვართ, გამოვყოთ კიდევ ერთი გრძელვადიანი დაფინანსება ჩვენი დიდი ხნის პარტნიორისთვის, რომელიც განკუთვნილია ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი კლიენტებისთვის. ამრიგად, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ფინანსური სექტორის გაძლიერებაში და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებაში,“ განაცხადა ინგრიდ ვან ვეესმა, DEG–ს უფროსმა დირექტორმა აზიასა და ევროპაში.
24.10.14