საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში უდიდესი ძალისხმევა ჩადეს და უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საზოგადოებას 2 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი 1 მილიარდამდე ლარით გაიზარდა.
“დიახ, ჩვენ ჩავდეთ ეს თანხა ბიუჯეტში იმიტომ, რომ პრიორიტეტები შევცვალეთ. როცა პრიორიტეტი არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, აუცილებლად იპოვი გამოსავალს.
ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის ისეთ პროექტს, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 2 მილიონ 781 ათასი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თითქმის ნახევრისთვის ჯანდაცვა არ იყო ხელმისაწვდომი. დღეს კი საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეულია.
ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც ოპერაცია სჭირდება, მას ეს ოპერაცია უტარდება დროულად და ამაში ფულს იხდის სახელმწიფო.
ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაკეთებული არჩევანი და ერთი წუთით არ გვიყოყმანია, არ დაგვისვამს შეკითხვა გუნდში: მრავალმილიონიანი სასახლე თუ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. მე შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა 600 მილიონი გადაიხადა საკუთარი სასახლის მოსაწყობად. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს დავურღვიეთ კომფორტი და კიდევ უფრო მეტად დავურღვევთ კომფორტს. მაგრამ, ჩვენ მეტ კომფორტს მოვუწყობთ მოქალაქეებს. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ღირებულებებია”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ჰქონდეს თანხვედრა ხალხთან და თავად ხელისუფლებაში.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა და დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა.
პრემიერის განცხადებით, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ.
“რეგიონებში, სოფლებში, ქალაქში, როცა შვილიშვილი მიდის სახლში და აღარ იჭერენ, აღარ იჭერენ უსამართლოდ, მოხუცებულებს, ბებიებს, ბაბუებს ნაკლებად მოუწევთ ნერვიულობა, ნაკლები სტრესი აქვთ და ბუნებრივია, ეს არის ყველაფერი, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზე. ამას ემატება ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათ ჯანმრთელოაბზე და მივიღეთ პირველად პოზიტიური შედეგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში აშენდა და მოეწყო 82 ამბულატორია და 30 პროცენტით გაზარდეს სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი.
“ჩვენ დღეს აქ გვესწრებიან სოფლის ექიმები – თქვენ ყველაზე კარგად გესმით რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ამბულატორია სოფლის და რაიონის დონეზე, რადგან კარგად იცით, რას ნიშნავს როცა პაციენტს კილომეტრების გავლა უწევს ექიმთან მისასვლელად.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ინიციატორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია – ზუგდიდში, სოფელ რუხში დაიწყო მულტიპროფილური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა. ეს კლინიკა იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონისთვის, არამედ ჩვენი აფხაზი ძმებისთვისაც”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა C ჰეპატიტის შესახებაც, რომელიც მისი თქმით, გადაუჭრელ პრობლემად ითვლებოდა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ათასობით პაციენტი სამკურნალო მედიკამენტებზე 60-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობს დღეს.
“ეს ძვირადღირებული მედიკამენტებია, ჩვენ კი ამ მხრივ C ჰეპატიტით დაავადებულებს მაქსიმალურად შევუმსუბუქეთ პირობები. ამ პროგრამით, 2 ათასამდე პაციენტმა ისარგებლა და დაიზოგა 2 მილიონ 315 ათასი ლარი.
გარდა ამისა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია და მნიშვნელოვანია, C ჰეპატიტის მკურნალობა სრულიად უფასოა პატიმრებისთვის. 1000 დაავადებული პატიმრის მკურნალობისთვის სახელმწიფო 6 მილიონ ლარს ხარჯავს. უკვე განიკურნა 173 პატიმარი. ეს შეიძლება დაუჯერებელი იყო 2 წლის წინ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება და მისი ჯალათები უმკურნალებდნენ პატიმრებს ციხეში და დახარჯავდნენ 6 მილიონ ლარს? მაგრამ ჩვენ ეს რეალობა შევცვალეთ. აი, ეს არის ჩვენი მიდგომა პატიმრების მიმართ და არა მათი ტანჯვა-წამება -გაუპატიურება, რაც, ფაქტობრივად, ნორმად იყო ქცეული წინა წლებში.
ის თანხა, რაც C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოყო ჩვენმა მთვარობამ, თავისუფლად ააშენებდა, მაგალითად, ანბანის კოშკის მსგავს შენობას. ჩვენ არც აქ დაგვისვამს კითხვა: 40-მილიონიანი თვალისმომჭრელი სრულიად უსარგებლო შენობა თუ მძიმე სენისგან განკურნებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პარლამენტის მსგავსი, 340 მილიონიანი შენობა თუ გლეხების დახმარება”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა “სოლიდარობის ფონდის” შექმნაზე, რომელიც ეხმარება მძიმე ავადმყოფებს ეხმარება, რომელთაც ძვირადღირებული მკურნალობის სახსრები არ აქვთ.
“2 თვის განმავლობაში ფონდში მობილიზებულია მილიონ ლარამდე თანხა. უკვე დაფინანსდა ონკოლოგიური დაავადების მქონე 25 ბავშვის მკურნალობა.
მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ინიციატივა ამ ფონდის შექმნასთან დაკავშირებით წარმატებით განხორციელდა. ჩემს იდეას გვერდში დაუდგნენ საჯარო სამსახურში და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები. მინდა ამისათვის მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს ამ ფასდაუდებელ საქმეში, რადგან მარტო სახელმწიფო ასეთი პრობლემის გადაჭრაში დღეს ჯერ კიდევ უძლურია. მთავარ სიკეთესთან ერთად, ეს არის სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გარეშეც არ არსებობს ცივილიზებული სახელმწიფო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა გაზარდილ პენსიაზე და ყველა კატეგორიის პენსიონერისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის დახმარებაზე.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გააორმაგეს დახმარება სოციალურად დაუცველებისათვის, ასევე, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობები. მისი თქმით, დანაპირები, რომ პენსია საარსებო მინიმუმის ტოლფასი გახდებოდა, ეს შესრულებეულია.
“დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი არის 148 ლარი. ვიცი, რომ ეს ცოტაა, მაგრამ მჯერა, რომ ამას გავაორმაგებთ წლების შემდეგ. დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბსოლუტურად უღირს პირობებში, მათი მდგომარეობა დღესაც მძიმეა. 2012 წლის ოქტომბრიდან დევნილებს სოციალური პაკეტის ფარგლებში 14,5 მილიონი ლარის დახმარება გაეწიათ.
საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 10 ათას 500 დევნილი. 1 ლარად საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა და კერძო საკუთრებაში გადაეცა 4 ათასამდე ოჯახს. ჩვენი მიზანია არც ერთი დევნილი არ დარჩეს საკუთარი ჭერის გარეშე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეხება დემოგრაფიას. წლებია, რეგიონები და, განსაკუთრებით, მთა იცლება მოსახლეობისგან. ჩვენ ამ პროცესს წინ უნდა აღვუდგეთ და ამას ვაკეთებთ არა სიტყვით და ყალბი ლაპარაკით, არამედ საქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით. დემოგრაფიული ბალანსის გაუმჯობესებისთვის, საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი დაბალია, გაიცემა ფინანსური დახმარება ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე – მთაში – 200 ლარი, ბარში კი – 150 ლარი. ეს იქნება დიდი სტიმული ახალგაზრდა ოჯახებისთვის”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
27.10.14