ექვსწლიანი ინტერვალის შემდეგ, რუსული ავიაკომპანია – „აეროფლოტი“ ქართულ ავიაბაზარს დაუბრუნდა. 27 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, „აეროფლოტ“-ის პირველი რეისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც „ტავ ჯორჯია“-ს, „აეროფლოტი“-სა და „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტებ“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავიაკომპანია „აეროფლოტი“ პირველი რეისის ფარგლებში 100-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ რეგულარულ ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის მიმართულებით ყოველდღიურად შეასრულებს.
„მოხარული ვარ,რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრებს მოსკოვის მიმართულებით რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ მოემსახურება. ზამთრის სეზონიდან ავიაკომპანია მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურ რეისებს განახორციელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სიახლე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კომფორტს შეუქმნის და ამასთანავე ქვეყანაში ტურისტების რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.“ – განაცხადა „ტავ ჯორჯია“-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.
რუსული „აეროფლოტი“ 1923 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანიის სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს. „აეროფლოტი“ რომლის განკარგულებაშიც 153 ავიალაინერია, რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 52 ქვეყანაში, 121 მიმართულებით სრულებს
ცნობისთვის: “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.
დღესდღეისობით „TAV Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 38 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის(სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს, რიგისა და მედინას აეროპორტები და ა.შ). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე.
27.10.14