საქართველოში ქათმის ბიზნესი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში ქათმის ბიზნესი მაინც საშუალოდ მომგებიანია, ამის მიზეზი კი კომპანიების თქმით ნედლეულის იმპორტის ზრდის თვითღირებულებაა, რომელიც პროპორციულად ამცირებს კომპანიების მოგებას.
საქართველოში წლების წინ, არ არსებობდა ისეთი დანადგარები, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა დაკლული ქათმის იმგვარად დანაწევრება, როგორც ეს მეზობელ ქვეყნებში ხდებოდა. სწორედ ეს იყო კვერცის მეტი და ქათმის ნაკლები რეალიზაციის მიზეზი. თუმცა, დღესდღეობით ადგილობრივი მწარმოებლები საერთაშორისო სტანდარტებითა და ეფექტური დანადგარების საშუალებით ქართველ მომხარებლებს ქათმის დანაწევრებულ პროდუქტებს სთავაზობენ. როგორც 2014 წლის მარკეტინგული კვლევების სააგენტოს GAMMA-ს კვლევებშია ნათქვამი, ქათმის პროდუქტების მოცულობა მთლიან რეალიზაციაში 70,9%-ით განისაზღვრა.
ოქტომბრის თვეში, განხილვის საგანი იყო მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიერ ინიცირებული კანონი – საზღვრის დაცვის ღონისძიების შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა იმ საქონლისგან თავის დაცვას,რომელიც საქართველოში ჭარბი მოცულობით იწარმოება.
ქათმის ბიზნესით საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონი ლიდერობს. კახეთში, მარნეულსა და თეთრიწყაროს მიმდებარე რეგიონებში ბევრი მეფრინველეობის ფაბრიკა იყო განლაგებული, მათ ადგილას კი ამჟამად არიან კერძო მეწარმეები და სხვადასხვა კომპანიები. სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა,რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საკვების შეძენისას სწორედ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას ყველაზე მეტად ენდობა. შესაძლოა, სწორედ ეს არის ის ძირითადი და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც, უცხოური წარმოების ფრინველის ხორცით გაჯერებულ ბაზარზე ქართველი მცირე მეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას მაინც ახერხებენ.
„თბილისი თაიმსს“ ქათმის წაემოების ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზე, ამ სეგმენტის თავისებურებებზე „მეფრინველეობის განვითარების“ ასოციაციის ხელმძღვანელი, ზურაბ უჩუმბეგაშვილი ესაუბრა. გარდა ამისა ბაზარზე დღეს არსებული მდომარეობა ქათმის მწარმოებელმა კომპანიებმა თავად შეაფასეს.
საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, ზურაბ უჩუმბეგაშვილი :
„ქათმის პროდუქცია, მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქციის ყველაზე მთავარი უპირატესობა არის წარმოების პროცესში გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული. ჩვენი ქათმები არის ყოველთვის ახალი და ჯანსაღი მომხარებლებისათვის. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით, ქართველი მეწარმეები დაუცველ მდგომარეობაში არიან, მათ არ ექცევათ სათანადო ყურადღება. მთავრობას „სძინავს“, საჭიროა უახლოეს მომავალში კანონი „საზღვრის დაცვის ღონისძიების შესახებ“ მივიღოთ, რომელიც ჯეროვნად მოახდენს ადგილობრივი მწარმოებლების წახალისებასა და მხარდაჭერას. ამასთანავე, ამ პირობებში ექსპორტზე ფიქრიც კი სასაცილოა, რაც შეეხება იმპორტს – თითქმის ქათმის მწარმოებელი ყველა ქვეყნის კომპანიაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ესენია – ბრაზილია, უკრაინა , ამერიკა, თურქეთი, საფრანგეთი და ა.შ“.
„ჩვენი პროდუქციის მთავარი უპირატესობაა ხარისხი და ცნობადობაა – კომპანიას აქვს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, სადაც ხორციელდება წარმოებული პროდუქციისა და კომბინირებული საკვების სისტემატიური კონტროლი. 2014 წელს კომპანია გახდა ისო (ISO) 9001 სერტიფიკატის მფლობელი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ქათმის პროდუქციის ბიზნესი არასტაბილურია, მასზე უარყოფითად მოქმედებს დაბალხარისხიანი პროდუქტის იმპორტი, თუმცა ქართულ მეფრინველეობის კომპანიებს სრულად შეუძლიათ დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილება. ჩვენი წლური გაყიდვების რაოდენობაა: კვერცხი-70 მლნ–დან 75 მლნ–მდე, ქათამი კი – 690 ტონიდან 700 ტონამდე. უნდა ითქვას, რომ დღეისათვის ჭარბი წარმოება არ გვაქვს, რომლითაც ვუზრუნველყოფთ ჩვენი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას, ამიტომ ვაკმაყოფილებთ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს. კონკურენტად ქართულ ბაზარზე მივიჩნევთ შ.პ.ს “დილასა“ და შ.პ.ს “ჩირინას”.
კომპანია „კოდა“ ზრუნავს თანამშრომელთა ცოდნის მუდმივი გარღმავებაზე, უქმნის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებს და ინიციატივებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს იმ გარემოსთვის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენი პასუხისმგებლობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აერთიანებს: გარემოს დაცვას, სპორტს, კულტურას, ხელოვნებას და ჯანდაცვას. ჩვენი მხარდაჭერა მრავალმხრივია და მოიცავს შემოწირულობებს, სპონსორობას და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში . მომავლისათვის ვგეგმავთ საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მართვის პრინციპების სრულყოფილად ათვისებას და სწრაფვას მუდმივი გაუმჯობესებისაკენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ წარმოების მოცულობა გაიზრდება 10% – 12%-ით.“
„ბიუ–ბიუ“ – კომპანია „ჩირინა“:
„პირველ რიგში, რაც ჩვენი კომპანიის უპირატესობის შესახებ უნდა ითქვას, არის ის, რომ „ბიუბიუ“-ს პროდუქცია არის 100%-ით ქართული. საკვებში ვიყენებთ ქართულ მიწაზე მოყვანილ ნედლეულს, ხორბალსა და სიმინდს. რაც მთავარია, მათში არ ვიყენებთ არავითარ ჰორმონულ დანამატს. ჩვენი კომპანია არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო, რაც გულისხმობს წარმოების ყველა ეტაპის გაერთიანებას: საკვებისთვის საჭირო მარცვლეულის მოყვანიდან დაწყებული, დისტრიბუციით დამთავრებული ყველა რგოლს ჩვენი კომპანია მართავს. ეს საშუალებას გვაძლევს ხარისხი მუდმივად ვაკონტროლოთ და გავაუმჯობესოთ. „ბიუ–ბიუმ“ დანერგა უახლესი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიები წარმოების ყველა რგოლში. ეს გულისხმობს პროცესების ავტომატიზაციას (მაგ. ტემპერატურისა და ტენიანობის ავტომატური კონტროლი ინკუბატორში, საკვებისა და სასმელი წყლის ავტომატური მიწოდება ფერმებში, ქათმის ავტომატური გასუფთავება ხორცის დამუშავების საწარმოში და ა.შ.). ასევე, ხორცის დამუშავების საწარმოში ჩვენ, საქართველოში პირველად დავნერგეთ ჰაერით გაგრილების ტექნოლგია, რომელიც მისი წინამორბედის, წყლით გაგრილებისგან განსხვავებით, პროდუქციის სიმშრალეს უზრუნველყოფს, შესაბამისად მომხმარებელი ფულს იხდის მხოლოდ ხორცში და არა გაყინულ წყალში. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია ფლობს ლაბორატორიებს, სადაც მუდმივად მოწმდება, როგორც მარცვლეულის ხარისხი, ასევე საბოლოო პროდუქტი. რათა მომხმარებლამდე მივიტანოთ სრულიად ჯანსაღი ქათმის ხორცი.
ჩვენთვის, ქათმის ხორცის მწარმოებელი თუ იმპორტიორი ყველა კომპანია ჩვენი კონკურენტია. თუმცა, თავად მომხმარებელი უპირატესობას ერთმნიშვნელოვნად ქართულ წარმოებას ანიჭებს. ამიტომაც გაჩნდა ბიუ–ბიუ–ზე ასეთი დიდი მოთხოვნა. რაც შეეხება ნედლ პროდუქციას, ჩვენ მომხმარებელს შევთავაზეთ ძალიან დიდი სიახლე. ქათმის ხორცპროდუქტების სრული ასორტიმენტი ნედლი სახით ძალიან მისაღებ ფასად! დღეისთვის, ბიუ-ბიუ-ს მთლიანი ნედლი ქათმის კილოგრამის ფასია 6 ლარი, ხოლო ნედლი ფილე 8 ლარი, პრაქტიკულად ნედლ პროდუქციასაც გაყინული პროდუქციის ფასი აქვს, რაც მომხმარებლისთვის ძალიან დიდი შეღავათია! კომპანია „ჩირინას“ ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვაა. ამისათვის დავამონტაჟეთ წყლის გასუფთავების ინოვაციური ჰოლანდიური სისტემა, რომლის მეშვეობითაც წარმოების პროცესში გამოყენებული წყალი იფილტრება და გასუფთავებული ჩაედინება წყლის არხში. ამით კომპანია ბუნებას დაბინძურებისგან დაიცავს. უნდა ითქვას,რომ საქართველოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ჩვენს პროდუქციაზე, ჯერჯერობით ამ მოთხოვნას სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ. 2014 წლის ბოლომდე ჩვენი წარმოება ორმაგდება და ვვარაუდობთ, რომ თბილისის მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. შემდეგი ეტაპისთვის უკვე რეგიონებში გავალთ. რა თქმა უნდა, კომპანიის ზრდა ჩვენს გეგმებში შედის, მაგრამ უახლოესი 2-3 წლის მანძილზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას არ ვგეგმავთ.“
„კომპანია „კუმისი“ ცდილობს მთლიანად ქართული ნედლეულით ისარგებლოს. ამ მიზნით, ფაბრიკის ტერიტორიაზე შევქმენით მზესუმზირის გადამამუშავებელი საწარმო. ასევე საკუთარ მიწაზე მოგვყავს მარცვლეული კულტურები, რომელსაც ჩვენვე ვიყენებთ. აქედან გამომდინარე ჩვენი კომპანიის უპირატესობად სწორედ ადგილობრივი რესურსების გამოყენებას მივიჩნევთ. საქართველოში ქათმის პროდუქციის ბიზნესში დიდი კონკურენციაა, როგორც ადგილობრივ საწარმოებს შორის, ისე იმპორტირებულებში. ქართულ ბაზარზე ჭარბი იმპორტის გამო კომფორტულად თავს ვერცერთი ადგილობრივი მწარმოებელი ვერ გრძნობს.
ჩვენს ქვეყანაში, ქათმის პროდუქცია შემოდის თურქეთიდან, უკრაინიდან, ბრაზილიიდან , ამერიკიდან და საფრანგეთიდან. ჩვენი პროდუქციის ფასები საკმაოდ ხელისაწვდომია – 1 კგ-ს ფასი სხვადასხვა წონის მიხედვით დაახლოებით ხუთ ლარს შეადგენს. ფასთა კლება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
რეალიზაცია წლის განმავლობაში შეადგენს 400-450 ტონას, ბიზნესი მცირემომგებიანია. ამ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტს არ ვგეგმავთ. ჩვენ შეძლებისდაგვარად რეგულარულად ვეხმარებით კათარზისებს, ბაგა-ბაღებსა და ამ მიმართულებით მოქმედ სხვა ორგანიზაციებს.”
საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თბილისში სარეალიზაციოდ ჩამოტანილი ქათმის ხორცი იყიდება მუხრანის ქათმის სახელით, რომელიც ასოცირდება სოფელ მუხრანში ჩვენ მიერ წარმოებულ ქათმის ხორცთან ერთად. ხშირად, მყიდველი ეკითხება გამყიდველს თუ ვის მიერ არის ქათამი წარმოებული, პასუხი კი ყველგან იდენტურია : „ბატონი ნოზაძის ქათამია“. სინამდვილეში, ამ შემთხვევაში არცერთი მათგანი ჩვენი კლიენტი არ გამოდის.
ჩვენს ფაბრიკაში წარმოებული ქათმის ხორცი, ნამდვილად გამოირჩევა სხვებისგან გემოვნებით, რაც დამოკიდებულია ნამდვილ ნატურალურ საკვებზე, საფრინველეში ფრინველისათვის საჭირო კლიმატის დამყარებასა და სრული სანიტარული წესების დაცვით. საქართველოში წარმოებული ქათმის ხორცი გაცილებით კარგია, ვიდრე რომელიმე ქვეყნიდან იმპორტირებული. მიუხედავად ამისა, ამ ბიზნესის მიმართ საქართველოში ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, ვინაიდან ქათმის ხორცი და კვერცხი უმოწყალოდ იბეგრება, სხვა ისეთ ქვეყნებთან შედარებით როგორიცაა თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი – აღარაფერს ვამბობ ევროპულ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.
საქართველოში მიმაჩნია, რომ ჩვენს კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს. რაც შეეხება იმას, თუ საიდან შემოდის ეს იმპორტირებული ქათმის ხორცი ჩვენვთის დეტალები დღემდე გაურკვეველია. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი შედარებით მაღალია იმპორტირებულთან, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ყველა საჭირო ნედლეული, რაც აუცილებელია ქათმის გამოსაზრდელად – საუბარი მაქვს მაგალითისთვის ვიტამინების პაკეტზე, სოიოზე, ვაქცინებსა და სიმინდზე და სხვა. ჩამონათვალი ნედლეულის შეძენა გვიხდება საზღვარგარეთიდან, რაც თავისთავად ზრდის თვითღირებულებას. საერთო გაყიდვებით ჩვენი კომპანია წელიწადში აწარმოებს 700-750 ტონა ქათმის ხორცს. აქტიურად ვართ ჩართული სოციალურ აქტივოებებში. ერთდროულად ვმართავთ ფასდაკლებების აქციებს კარფურში, გულდვილში, სმარტში, ფურშეტსა და ქალაქის სხვადასხვა საბავშვო ბაგა-ბაღში. დღეისათვის საკუთარ საწარმოში გვყავს დასაქმებული საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით 35 თანამშრომელი. საწარმოს გარეთ კი, ორჯერ მეტი. უახლოეს მომავალში ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქის ექსპოეტზე გატანა არ იგეგმება. ჩვენს საწარმოს, ამიერკავკასიაში, მეფრინველეობის დარგში ერთადერთს გააჩნია ევროკავშირის მიერ (გერმანია) გაცემული ისო სერთიფიკატის- უმაღლესი სტანდარტი ISO 22000:2005, რაც საშუალებას იძლევა, რომ პროდუქტის გატანა საზღვარგარეთ მოხდეს.“
30.10.14
ნათია კეკენაძე
Discussion about this post