საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზურაბ წერეთლის ფონდი 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე – “კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში”.
მეცნიერებატა აკადემიის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის – “კავკასიის სიძველეები მსოფლიოს მუზეუმებში” მიზანია, სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს მსოფლიოს სიძველეთსაცავებში დაცული მდიდარი და მრავალფეროვანი კოლექციები, რომელთა მნიშვნელობა განუზომელია კავკასიის ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს მეცნიერული შესწავლისათვის. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ცნობილი ქართველი, ასევე – მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ბაქოდან, სოჭიდან, ერევნიდან, გერმანიიდან მოწვეული მეცნიერები.
მათივე ცნობით, ღონისძიება დაფინანსებულია მხატვარ ზურაბ წერეთლის ფონდის მიერ და გახლავთ ერთგვარი აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისა და საფუძველი მომავალი სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობისა.
2014 წლის 1 ნოემბერს, შაბათს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსი, აუდიტორია N 107), კონფერენციას გახსნის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი; მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე; შემდგომ, მოსმენილ იქნება მოხსენებები.
იმავე დღეს (2014 წლის 1 ნოემბერს, შაბათს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში მე-3 სართული), კონფერენციის მონაწილეებს მიესალმება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.
საერთაშორისო კონფერენციის პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის გათვალისწინებულია თბილისის ღირსშესანიშნაობების, ქალაქ მცხეთისა და გორის დათვალიერება.
კონფერენციის ჩატარების ადგილი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, სხდომათა დარბაზი, მე-3 სართული) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 1, I კორპ. აუდიტორია N 107).
30.10.14