საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალაქ ვენაში, “ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების” გაეროს მეორე კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრება.
კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გახსნა და მას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ყველა იმ უპირატესობას, რაც საქართველოს აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის სატრანზიტო ფუნქციის განსახორციელებლად.
“გაეროს კონფერენცია, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შეეხება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. აქ განსაკუთრებულია საქართველოს როლი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ჩვენს კონტინენტზე – 14-დან 8 სარგებლობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს, ერთი მხრივ, შეუძლია ზღვაზე გასავლელის არქმონე ქვეყნების განვითარებაში, მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციაში მსოფლიო ეკონომიკურ სისტემასთან დიდი როლი ითამაშოს, მაგრამ ამავდროულად ეს თანამშრომლობა უფუძნება ორმხრივ სარგებელს. ყველა ორმხივი თანამშრომლობა, რომელიც შეეხება საქართველოს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას, არის მეტი სტიმული საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
03.11.14