საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით:
„პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. ბუნებრივია, საქმის ვითარებაში გავარკვიე, მოვუტანე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, ბოლო დღეების განმავლობაში რაზეც მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია. ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ასევე ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები და მთავარი, რაც მნიშვნელოვანია, ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ წლის დასაწყისში კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია უკვე მიწოდებული გვაქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის. თუ კი პარლამენტი დაინტერესდება, პარლამენტის, კომიტეტის ან პარლამენტარების მხრიდან სურვილი იქნება, თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად, ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანაში პარლამენტთან“.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფასვილის განცხადებით:
„ბატონმა მინისტრმა მთხოვა შეხვედრა და საუბარი სხვადასხვა თემებზე. მაგრამ, ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, დღეს არის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ წაყენებული ბრალი, რომელიც ეხება კონკრეტულ საქმეს, შესყიდვების თაობაზე. მინისტრთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მან გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ. ამისთვის მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა. ეს იმიტომ, რომ პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის მთავრობის ინიციატივით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შარშან და აქედან გამომდინარე, ორ მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა, პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე. ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანავე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო და მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები, ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად. ჩვენც, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ემსახურებოდეს სახელმწიფოს, პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროს, მთავრობას, პარლამენტსაც. ასე რომ, მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით, თუ სხვა საშუალებებით, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით.
04.11.14