სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რამდენიმე კვირის წინ შპს ”მადას” ხორცის პელმენის წარმოებაში დარღვევები აღმოაჩინა, ასევე ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო წარმოების უფლება შეუწყდა ”თაღლაურას”. რითი ვიკვებებით, თუ არის შემოწმებული პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ და ფულს ვიხდით, რამდენად დაცუილია საზოგადოება, ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე ”თბილისი თაიმსს” სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსატის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ესაუბრა.
რამდენიმე კვირის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ შპს ”მადას” პროდუქტები საკვებად არ მიეღო, რა დარღვევები აღმოაჩინა სააგენტომ ”მადას” წარმოებაში, დღეისათვის თუ არის სრულად ამოღებული ეს პროდუქცია გაყიდვიდან?
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ”მადას” წარმოების ხორცის პელმენში პათოგენური მიკროორგანიზმი ”ლისტერია მონოციტოგენოზი” აღმოაჩინა, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსულების ჯანმრთელობისთვის. საწარმოს შემოწმების შედეგად გარდა მიკროორგანიზმებით დაბინძურებისა აღმოჩნდა, რომ საწარმოში არ არის დაცული ხორცპროდუქტების სათანადო ტემპერატურით დამუშავების პირობები, საწარმოში ასევე არ არის ცხელი წყალი. ამ დარღვევების გამო ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაევალა პროდუქციის ქსელიდან ამოღება.
თუ შემოწმდა სხვა საწარმოები, როლმებიც ასევე ნახევარფაბრიკატებს აწარმოებენ და ზოგადად არის თუ არა მავნებელი ნახევარფაბრიკატების მიღება ორგანიზმისთვის?
სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა საწარმოს შემოწმებას ახორციელებს. სათანადოდ დამუშავებული ნახევარფაბრიკატების მიღება მავნებელი არ არის.
გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ”თაღლაურას” სახინკლეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, თუმცა ხელმძღვანელობის თხოვნის შემდეგ ”თაღლაურას” ისევ აღუდგა შეჩერებული წარმოების პროცესი, გადამოწმდა თუ არა ისევ ეს ობიექტი, ”თაღლაურაში” წარმოებული ხინკალი საზიანო ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის?
სახინკლეში, ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სახინკლე დაიხურა და დაჯარიმდა 1000 ლარით, თუმცა ”თაღლაურას” ხელმძღვანელობას სურსათის ეროვნულ სააგენტოს პრობლემის აღმოფხვრის შესახებ აცნობა და შეჩერებული საწარმოო პროცესის აღდგენა ითხოვა. ობიექტი გადამოწმდა, რის შედეგადაც აღუდგა ხორცპროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის უფლება.
როგორც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში კვების ბლოკების შემოწმებას იწყებს, როდიდან დაიწყება ეს პროცესი და რამდენი კვების ბლოკის შემოწმება აქვს დაგეგმილი სააგენტოს?
სააგენტო სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას აქამდეც ახორციელებდა. საქართველოში 2000-მდე საჯარო სკოლაა, 2014-15 წლებში ყველა მათგანის შემოწმება იგეგმება, შემდეგ კი ინსპექტირება ჩატარდება კერძო სკოლების, ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების “ბუფეტებში”.
რამდენად ხარისხიანი ყავა და ჩაი შემოდის ქვეყანაში? სურსათი ეროვნული სააგენტო თუ აწარმოებს ამ პროდუქტების შემოწმებას?
სურსათის ეროვნული სააგენტო, რეალიზაციაში არსებულ ყველა დასახელების ყავისა და ჩაის შემოწმებას ახორციელებს, რაიმე სახის დარღვევებს ადგილი არ ქონია.
ქართული წარმოების ყავაზე და ჩაიზე რას იტყვით? რამდენად შეესაბამება ის საერთაშორისო სტანდარტებს?
როგორც ავღნიშნე, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყველა დასახელების ყავისა და ჩაის ინსპექტირებას აწარმოებს, მათ შორის ქართული დასახელებისაც.
05.11.14
ნინა პირტახია