რამდენად რეალურია ევროკავშირის დაშლა? – ამ საკითხზე სერიოზული საუბარი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მიზეზი კი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის განცხადება გახდა, სადაც მან ევროკავშირის მომავლის საკმაოდ მძიმე სურათი დახატა.
შულცმა თავის განცხადებაში ჩამოთვალა, ის კონკრეტული მიზეზები, რომლებიც კავშირის დაშლას იუწყებოდნენ. მისი თქმით სახელმწიფოებში ქსენოფობიაა, ევრო როგორც ვალუტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შენგენის ზონის ფარგლებში გახსნილ შიდა საზღვრებს საფრთხე ემუქრება და ძალაუფლება პარლამენტებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან ისევ ნაციონალური მთავრობების ხელში გადადის. ყველაზე მთავარი მიზეზი კი მან განცხადების ბოლოს გაახმოვანა:
„ ბოლო რამდენიმე წელმა, ჩვენ გაგვხადა იმის მომსწრე, რომ რენაციონალიზაცია შემაშფოთებლად იზრდება. სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები თავიანთ სასარგებლოდ, სულ უფრო მეტ გადაწყვეტილებას იღებენ, ამ გადაწყვეტილებების განხილვა და მიღება დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობს“.
დღეს შულცის ამ განცხადებას ევროსკეპტიკოსები კიდევ ერთ დეტალს უმატებენ. მათი თქმით, მთავარი პრობლემა საბიუჯეტო ეკონომიის ზომებია, რომლებსაც ევროზონის ბევრი ქვეყანა ახორციელებს, რაც ასუსტებს რეგიონის ზოგ ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპებს.
ინგლისურ გამოცემებში გავრცელებულ ამ ფოტოს კი სიმბოლური სახელი შეურჩიეს: „ ანგელა მერკელი და დევიდ კამერონი ევროკავშირში ბრიტანეტის მომავალზე ბჭობენ.“
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დეივიდ კამერონის აზრით, რეგიონული ორგანიზაციის დაშლის მთავარი ფაქტორი შეუთანხმლებლობაა. ბრიტანეთის პრემიერის ამ განცხადების მიზეზი ევროზონის ქვეყნებიდან ინგლისში ემიგრაციაზე რაოდენობრივი შეზღუდვის დაწესების მოთხოვნა გახდა.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კი ამ თხოვნაზე საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სრულებით არ გამორიცხავს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, თუმცა ეს ორგანიზაციის დაშლის წინაპირობად არ მიაჩნია. როგორც გერმანული გამოცემები ავრცელებენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მერკელმა ინგლისელ კოლეგას მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა. ამგვარი დაძაბული ვითარების მიზეზად კი პრემიერის პოზიცია დასახელდა, პოზიცია – ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ბრიტანეთში თავისუფალი ემიგრაციის შეზღუდვის შესახებ, რაც თავის მხრივ ევროკავშრის ფუნდამენტურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამასთანავე, მერკელის თქმით, კავშრის შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი – კამერონის ინიციატივაა ევროკომისიის ბიუჯეტში საწევრო გადასახადის შესახებ, რომელიც ორ მილიარდზე მეტ ევროს შეადგენს და რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბრიტანეთისთვი.
ევროკავშირის, ამ დროისთვის ბოლო სამიტზე, ვილნიუსში დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დროს, მერკელმა კამერონს არაორაზროვნად განუცხადა, რომ თუ ბრიტანეთი უარს არ იტყვის საემიგრაციო ინიციატივაზე, მაშინ ბრიტანეთსა და ევროკავშირს ერთიან სივრცეში ყოფნის პერსპექტივა აღარ ექნება.
დასავლეთში ამბობენ, რომ ევროსკეპტიკური განცხადებები ბრიტანეთისთვის ისტორიულად დამახასიათებელია. თუმცა ამჯერად, პრემიერი სერიოზულად ალაპარაკდა ევროზონიდან გასვლაზე.
ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, ევროკავშრმა ვერ გაითვალისწინა ის, რომ წევრი ღარიბი ქვეყნებიდან მოსახლეობა მასიურად დაიძრებოდა მდიდარ ქვეყნებში და გააღატაკებდა მათაც. მეტი განმარტებისთვის, მათ მოჰყავთ კონკრეტული მაგალითი: ქვეყანაში დღემდე არ წყდება ხალხის ნაკადი, ევროკავშირის ისეთი ღარიბი ქვეყნებიდან, როგორიცაა ბულგარეთი და რუმინეთი. ცხოვრობენ ქუჩებსა და გაუსაძლის პირობებში, რაც პირველ რიგში, ბრიტანელ მოსახლეოაბს აწუხებს. კამერონის თქმით, შესაძლოა ასეთი ევროკავშირის გათვლა. ბრიტანეთისთვის კი ასეთი ურთიერთობების გაგრძელება მხოლოდ საზიანო ხდება.
კიდევ ერთი მიზეზი, რამდენიმე წლის წინ დაწყებული ევროზონის კრიზისია, რომელიც მოგვიანებით საერთოევროპულ კრიზისად იქცა და ბრიტანეთზეც იქონია გავლენა. შიდა სირთულეების ფონზე, დღეს ბრიტანელ ამომრჩეველს არ სურს სამხრეთევროპელი წევრების ეკონომიკური დახმარების პროექტებში მონაწილეობა.
დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი ბრიტანეთის მთავარი იმპორტ-ექსპორტიორია. ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების შედინებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტიც, რომ კაპიტალის თავისუფალი ბრუნვის პირობებში, ბრიტანეთს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე უფრო ლიბერალური ბიზნესგარემო აქვს. საერთო ბაზრის დატოვება კი, ქვეყნისთვის ფინანსური კატასტროფის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, ევროკავშრიდან გამოსვლის შემთხვევაში ქვეყანას მაინც მოუწევს ევროზონასთან ვაჭრობისთვის გაერთიანების წესების დამორჩილება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მათ შექმნაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
რამდენად დიდია ბრიტანეთთან ერთად თავად ევროკავშირის დანაკარგები? – ბრიტანეთის გასვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირსაც, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფინანსური ცენტრი გაერთიანების გარეთ აღმოჩნდება და ევროპული ფინანსური ბაზრის დაყოფის, შიდა კონკურენციისა და არასტაბილურობის რისკს ზრდის. ქვეყნის გაერთიანებიდან გასვლა განსაკუთრებით დააზარალებს იმ წევრეს, რომლებიც, კიდევ უფრო ღრმად ინტეგრირებული ევროზონის გარეთ დარჩებიან და ბრიუსელის დირექტივებისა და საბიუჯეტო გადაწყვეტილებების უპირობო დანერგვა მოუწევთ.
აღსანიშნავია ის საინტერესო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, დევიდ კამერონს ევროკავშირის დატოვება რეალურად არ სურს და რეფერენდუმზე საუბარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა აიძულა. ინგლისური გამოცემების ცნობით, კამერონს შუალედური პოზიცია აქვს. ის აპირებს, რომ დაიწყოს ევროკავშირთან გაუმჯობესებულ პირობებზე დიალოგი, ძალაუფლების ბრიუსელიდან ლონდონში დაბრუნება, ევროდირექტივების ბრიტანეთზე გავრცელების შეზღუდვის და სამართლებრივი და საბიუჯეტო საკითხებში მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა. ამ მოლაპარაკებების პარალელურად, იგი ამომრჩევლებს აძლევს საშუალებას უკეთ დაფიქრდეს და 2017 წელს გააზრებული არჩევანი გააკეთოს.
არის თუ არა ბრიტანეთისთვის ევროგაერთიანება „პოლიტიკური ბედი“, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია ისტორიულ წარსულს გადავხედოთ. ევროკავშირს ბრიტანელები ჯერ კიდევ ჩერჩილის დროს უფრთხოდნენ, 1944 წელს ამ უკანასკნელმა საფრანგეთის ლიდერს, შარლ დე გოლს განუცხადა, რომ ევროპასა და ღია ზღვას შორის, რომელშიც აშშ-ს გულისხმობდა არჩევანის საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შტატებს მიანიჭებდა უპირატესობას. თუმცა, 1975 წელს რეფენდუმზე, მოსახლეობის ორმა მესამედმა შესვლას დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არასოდეს შეწყვეტილა კამათი ევროზონის შესახებ. მარგარეტ ტეტჩერი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ გაერთიანებული ევროპა ეს იყო „კლასიკური უტოპიური პროექტი.“
და მაინც, რა გახდა ევროგაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლის რეალური მიზეზი? – ამ კითხვაზე ბრიტანეთში ერთსულოვანი პასუხი არსებობს. 2009 წელს, ლისაბონის ხელშეკრულებამ ევროკავშირი უფრო ცენტრალიზებულ გაერთიანებად აქცია და შეასუსტა წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლება. თუ წარსულში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა კონსენსუსით მიიღებოდა, ლისაბონის შეთანხმებამ საგრძნობლად გააფართოვა უმრავლესობით მისაღებ გადაწყვეტილებათა ნუსხა. შესაბამისად, სამეფოს ევორკავშირის სტრატერგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა შეუსუსტდა. ამ პერიოდიდან კიდევ უფრო გამძაფრდა ბრიტანელთა ევროსკეპტიციზმი.
ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები კი, ბრიტანეთს უკვე რჩევებს აძლევენ და ორ განსხვავებულ ალტერნატივას : ნორვეგიისა და შვეიცარიის მოდელებს სთავაზობენ.
წყარო: CNN
11.11.14
ნათია კეკენაძე