საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი”, განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. კანონპროექტის მიხედვით ჯარიმები და სანქციები გარემოს დაბინძურებაზე მაქსიმალურად მკაცრდება.
ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი, 5 000 ლარით განისაზღვრება.
გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ენერგიის აღდგენასა და მათ უსაფრთხო განთავსებას. კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი” ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს.
სიახლეა ის, რომ დგინდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კოდექსის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, რომ ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება.
კანონპროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც ახორციელებს ავსტრიულ-ბულგარული კონსორციუმი.
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა, ბულგარელმა და გერმანელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების ჩართულობით, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში.
13.11.14
Discussion about this post