“დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროექტებზეა ორიენტირებული’’- ეს განცხადება საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ დედაქალაქის მთავრი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე კომენტირებისას გაახმოვანა.
“წინა ხელისუფლებისთვის მთელი ქალაქი იყო ფასადი და მათ ამ ფასადის მიღმა მცხოვრები ადამიანები ზოგადად არ აინტერესებდათ. ჩვენი პრიორიტეტი კი პირველ რიგში ადამიანია და ძირითადად ორიენტირებულები ვართ მათ კეთილდღეობაზე. ჩვენ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ ადამიანებისგან ვისთვისაც ადამიანური ფასეულობები მხოლოდ ფასადებზე ზრუნვით გამოიხატებოდა. ჩვენს გუნდს აქვს კონკრეტული ამოცანები და გეგმა, დადებითისკენ შეცვალოს დედაქალაქის მოსახლეობის ყოფა და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
საკრებულოს წევრი დედაქალაქის ქუჩებში არსებულ განტვირთვის თემასაც შეეხო და განმარტა, რომ საცობების აღმოსაფხვრელად საჭირო კვანძების მშენებლობები, მხოლოდ თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
“დღესდღეობით დედაქალაქს არ აქვს გენერალური გეგმა, რაც უამრავ პრობლემას უქმნის ჩვენს მაცხოვრებლებს. ჩვენი ხელისუფლება დეტალურად სწავლობს ხარვეზებს და აქტიურად მუშაობს აღნიშნულ პროექტზე“,- განაცხადა მალაღურაძემ.
დეპუტატმა მაგალითვისთვის გმირთა მოედანზე წინა ხელისუფლების მიერ აშენებული ე.წ. ესტაკადა დაასახელა და აღნიშნა, რომ საცობების განტვირთვის ნაცვლად მძღოლებისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება მსჯელობს რა შტრიხები შეიტანოს აღნიშნულ პროექტში იმისათვის, რომ მანქანების მოძრაობა შეძლებისდაგვარად მაინც გაუმჯობესდეს.
ნუგზარ მალაღურაძე საკრებულოში შესული ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვის თემასაც შეეხო და ოპონენტი კოლეგების მიერ დასახელებულ ციფრებს აბსურდული უწოდა. მისი განცხადებით შეუძლებელია ორ დღეში 800 მილიონიანი ბიუჯეტის დეტალურად შესწავლა.
„ციფრები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა ასახელებს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მე სულ სხვა ციფრები წავიკითხე მოწოდებულ ბიუჯეტში. ჩვენ მხოლოდ დეტალური ანალიზის შემდეგ ვაპირებთ საზოგადოებას წარვუდგინოთ 2015 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რისთვისაც გარკვეული ვადა გვჭირდება. შესაბამისად, თუკი გვექნება შენიშვნები და 2015 წლის ბიუჯეტში საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა, ამას აუცილებლად განვახორციელებთ აღნიშნული დოკუმენტის სათანადოდ შესწავლის შემდეგ“,– აღნიშნა დეპუტატმა.
18.11.14