საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბოლო 2 წელიწადში ავტომაგისტრალის 55 კილომეტრი აშენდა , მაშინ როცა, წინა ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 70 კილომეტრის მშენებლობა შეძლო.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთის გახსნისას განაცხადა.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში მინისტრ შავლიაშვილს და მის გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილებდა. ვიცი, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო ამ პროექტში დასაქმებული და მინდა მათ ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა, ვინაიდან ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, თუ როგორი ხარისხით არის აღნიშნული პროექტი შესრულებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი. პროექტის განხორციელებაში მხარში გვიდგას იაპონიის მთავრობა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იაპონელ პარტნიორებს, იაპონიის ელჩს, იტალიის ელჩს, ვინაიდან, პროექტში იტალიური კომპანია მონაწილეობდა. ეს არის ერთობლივი პროექტი. მართლაც შთამბეჭდავია ის შედეგი, რასაც პირადად შავლიაშვილმა მიაღწია. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, 8 წლის განმავლობაში მოხდა მხოლოდ 70 კილომეტრი ავტომაგისტრალის მშენებლობა, მინისტრმა შავლიაშვილმა, მისმა გუნდმა და მისმა წინამორბედმა 2 წელიწადში შეძლეს 55 კილომეტრი ავტომაგისტრალის მშენებლობა, 550 კილომეტრზე მეტი გზის მშენებლობა-შეკეთება-რეაბილიტაცია, 80-ზე მეტი ხიდის კაპიტალური შეკეთება და 19 ახალი ხიდის შეკეთება. ეს რის ის რეალური შედეგი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს. შედეგით არასდროს ვიქნებით კმაყოფილი, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ”, – განაცხდა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, მისმა მთავრობამ უარი თქვა ნახევარ-მილიარდიან სასახლეებზე და თანხები გონივრულად, მოსახლეობის საკეთილდღეოდ მიმართა და ეს არის ის, რაც განასხვავებს “ქართული ოცნების” მთავრობას წინა ხელისუფლებისგან.
“რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო წინა მთავრობისგან, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებული”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32-კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.
19.11.14