დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აქტულურ თემებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საკითხზე და ხაზი გაესვა ამ პროცესში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დახმარების მნივნელობას. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო 2015 წელს ლატვიაში, რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესს.
ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა, როგორც საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯი. „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლებრივად ეს არის არალეგიტიმური დოკუმენტი, რა თქმა უნდა, იწვევს საკმაოდ დიდ შეშფოთებას, ეს აღძრავს საფრთხეებს, გამოწვევებს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ამდენად, საქართველოს მთავრობის მოქმედებები მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისკენ, რათა მაქსიმალურად გაგრძელდეს ის ზეწოლა, ის თანმიმდევრული მტკიცე და მკაცრი პოლიტიკა ევროკავშირის, ევროატლანტიკური სტრუქტურების მხრიდან შედეგის მიღწევამდე” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის გახსნისკენ.
25.11.14