ჩვენ თვისობრივად ახალი ეპოქა გავხსენით ევროკავშირთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” , საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტიც ესწრება. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ წამოიწყო საკვანძო რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით.
“ჩვენ თვისებრივად ახალი ეპოქა გავხსენით ევროკავშირთან ურთიერთობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ლატვიის პარლამენტს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ლატვიამ ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლატვიელი ხალხი ჩვენი ერთგული მოკავშირეა. ჩვენ წამოვიწყეთ საკვანძო რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკის და მართლმსაჯულების სფეროებში. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრად გაწერილი დრო და ამ იმპლემენტაციის პროცესს პირადად მე ვაკვირდები. ვხელმძღვანელობ კომისიას, რომელიც მონიტორინგს უწევს იმპლემენტაციის პროცესს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პროგრესი ღიად დაფიქსირდა.
“რამდენიმე დღის წინ ვიყავი ვიზიტით ბრიუსელში და შეხვედრების დროს ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებმა ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ამ მოკლე დროში და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპასთან დაახლოების პროცესში. მათ შორის აღინიშნა საქართველოს წინსვლა გამჭვირვალე და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს კუთხით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
26.11.14