საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება და მას სახელმწიფოებრივად სწორ და გონიერ გადაწყვეტილებად აფასებს. შესაბამისი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა”.
“ჩემთვის მართლაც გასაოცარია ის რეაქცია, რაც აქვთ ჩვენს ე.წ. ოპონენტებს. მართლაც, 9 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ითმენდა ამ უსამართლობას და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა. ასევე, მინდა მივესალმო პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სახელმწიფოებრივად სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერაა შემუშავებული. იმედია, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტმა ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი გუშინ პირველი მოსმენით 75 ხმით მიიღო. 75 მომხრე, 58 – წინააღმდეგი – ასეთია კენჭისყრის შედეგი. კვორუმი 68 ხმაა.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი “გასაღები” შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.
28.11.14