საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი გუშინვე საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
პარლამენტმა ფარული მოსმენების “გასაღებთან” დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო გუშინ დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი ამჯერად 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 13-მა მისცა.
ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. მეორე “გასაღები” კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადავიდა და
როგორც პროექტის ოპონენტები ამბობენ, ის მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს.
შესაბამისად, შსს-ს დაუკანონდა დროებითი ვადით, 1-ელ დეკემბრამდე მიცემული უფლებამოსილება – ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. რეალურ დროში ინფორმაციის მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს “ოტო” განახორციელებს უშუალოდ, სასამართლო განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.
01.12.14
Discussion about this post