განათლების კლასიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული უკვე ოთხი ათეული წელია მნიშვნელოვან კვლევებს აწარმოებს. სტანდარტი გულისხმობს სკოლის ტიპებისა და სასკოლო სისტემების კლასიფიკაციას. საერთაშორისო მასშტაბით სტანდარტი გამოდგება ქვეყნების, ან ქვეყნების მოქალაქეების განათლების დონის დასადგენად. მსოფლიო მასშტაბით განათლების სფეროში სტატისტიკის შემუშავება პირველად, 1970-იან წლებში დაიწყეს. იგი 1975 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული ჟენევაში ჩატარებულ „განათლების მსოფლიო კონფერენციაზე“.
მსოფლიო ჯერ კიდევ, მრავალი საუკუნის წინ შეთანხმდა იმაზე, რომ განათლება – არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ინდივიდმა უნდა გაიაროს სიცოცხლის განმავლობაში. სამწუხაროდ, საუკუნეების წინ, როდესაც მსოფლიოში არ გვხვდებოდა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები, ინფორმაციის მოძიების სწრაფი საშუალებები და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, განათლებასა და სწავლების პროცესს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დღეს. 2014 წლის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე ჰყავს კანადას, ისრაელს, იაპონიას, აშშ-ს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, დიდ ბრიტანეთს, ფინეთს, ავსტრალიასა და ირლანდიას. თუმცა, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში არათუ უმაღლესი განათლება, ბავშვებს ხშირად, სკოლაში სიარულის საშუალებაც არ ეძლევათ. რეგიონალური საგანმანათლებლო მინისტერიალის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაცია იუნისეფი ცდილობს, რომ სხვადასხვა აქტივობითა და რეკომენდაციის გაცემით დააინტერესოს მსოფლიოს ის ქვეყნები, სადაც სწავლისა და განათლების დონე დაბალია, ეს კი გამოწვეულია თავად სახელმწიფოების პოლიტიკური ნების არარსებობით.
იუნისეფი მიერ დაწყებულ მოწოდებას მოქმედებისკენ „განათლება ყველასთვის ახლავე!“ ევროპის ქვეყნები მხარს უჭერენ. იუნისეფი მიმართავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების მთავრობებს, რომ გაატარონ საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც მოიცავს უკლებლივ ყველა ბავშვისთვის განათლების მიცემის პროცედურებს, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მიზეზით გარიყული ბავშვებისთვის. ორგანიზაციის მოქმედი ღონისძიებების მიზანია ის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყველა ბავშვი დადიოდეს სკოლაში, ყველა მათგანმა მიიღოს განათლება ადრეულ ასაკში, სწავლობდეს შეძლებისდაგვარად და მათ ამ პროცესს აძლიერებდეს სწორად გამართული და სათანადო რესურსებით აღჭურვილი განათლების სისტემა.
გასულ წელს სტამბულში, რეგიონალური საგანმანათლებლო მინისტერიალის კონფერენციის გახსნაზე თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრის ემოციურმა სიტყვამ დამსწრე საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. აღნიშნული გამოსვლა გახდა, სწორედ იუნისეფის 2014 წლისა და 2015 წლების სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილი.
„განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხიან და რელევანტურ განათლებაზე ყველასთვის, რათა განათლება უფრო ეფექტური და თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. აუცილებელია რეგიონში განათლების სისტემების ხარისხის გაუმჯობესება იმისათვის, რომ ყველა ბავშვი სკოლას ამთავრებდეს იმ უნარებით და ცოდნით აღჭურვილი, რაც საჭიროა 21–ე საუკუნეში ცხოვრებისათვის,“ აღნიშნა ღონისძიების გახსნაზე თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა, ნაბი ავჯიმ.
იუნისეფის შეფასებით, აფრიკის კონტინენტის გამოკლებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებში დაახლოებით 2,5 მილიონი ბავშვი არ იღებს საბაზისო განათლებას. აქედან, 1,6 მილიონი ბავშვი სკოლამდელი განათლების ასაკშია და არ დადის სკოლაში მომსახურების და სათანადო საშუალებების სერიოზული დეფიციტის გამო. ამასთანავე, მათ უმეტესობას უწევს იძულებითი შრომა, რის გამოც მათ ფიზიკურად დრო არ აქვთ,რომ იაროს სკოლებში.
სკოლაში სიარულის შემთხვევაშიც კი, ბევრი ბავშვი არ იღებს ცოდნას და უნარ–ჩვევებს, რაც სჭირდებათ წარმატების მისაღწევად საკუთარ რეგიონში თუ შრომის ბაზარზე. ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში 15 წლის ასაკის მოსწავლეთა დაახლოებით ნახევარი ვერ აკმაყოფილებს საბაზისო სტანდარტებს კითხვაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში. კიდევ მილიონობით მოზარდი აკლდება სკოლას საშუალო სკოლის მაღალ კლასებში მიღწევამდე.
„ხვალინდელი საზოგადოება დღევანდელი სკოლით იწყება. ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ ერთად დავასრულოთ ბავშვების სკოლიდან და სასწავლო პროცესიდან გამორიცხვის პრაქტიკა,“ ამბობს იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იოკა ბრანდტი.
ამავე, ორგანიზაციის შეფასებით, თუ ქვეყნებმა არ გაითვალისწინა კონკრეტული რეკომენდაციები, ან არ გამოიყო საკმარისი სახსრები, რამდენიმე ათწლეულში მსოფლიო განათლების დონე საგრძნობლად დაეცემა, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის მსოფლიო ტექნოლოგიებისა და მიღწევების წინსვლის პროცესს. ამ რეგიონებში სწავლის საშუალებას ყველაზე მეტად მოკლებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ეთნიკური და ენობრივი უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები, ასევე ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სოფლებიდან და მიგრანტი ოჯახებიდან.
ყოველთვის, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებზე მიმდინარეობს მსჯელობა განათლების იდეალურ მოდელად სამხრეთ კორეის მაგალითი მოჰყავთ. რატომ სამხრეთ კორეა? აღმოსავლეთ აზიის ამ ერთ-ერთმა მოწინავე ქვეყანამ შეძლო წარსულში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და კაპიტალის განათლებაში ჩადება. კომპანია „Economist Intelligence Unit“-მა 40 ქვეყანაში ჩაატარა გამოკვლევა. ეს ქვეყნები შეადარეს სამი სხვადასხვა ინდექსით – საერთო განათლების დონე, შეაფასეს ახალგაზრდებისა და მოსწავლეების კოგნიტური შესაძლებლობები და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ აზიის რამდენიმე ქვეყანა პირველ ათეულში შედის. პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი, სამხრეთი კორეა, ჰონკონგი, იაპონია, სინგაპური. ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები – ფინეთი და სამხრეთი კორეა.
სამხრეთ კორეაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი აქცენტი დასმული მოსწავლის მიერ მასალის შესწავლაზე, ეს კი მიიღწევა მოსწავლეთა მიერ კლასში მაქსიმალური დროის გატარებით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეელი მოსწავლეების უმეტესობა დამატებით დადის კერძო სკოლებში თუ რეპეტიტორებთან. რაც უფრო მაღალ კლასშია მოსწავლე, ასეთი გაკვეთილები უფრო და უფრო მრავლდება. ფინეთში მიდგომა სხვაგვარია. აქ სწავლების მთავარი პრინციპია, დაეხმარონ მოსწავლეს სასწავლო მასალის გაგებაში, რათა შემდეგ მხოლოდ კი არ გაიმეოროს ნასწავლი, არამედ ცხოვრებაში გამოიყენოს საკუთარი ცოდნა.
მოკლედ, რომ მიმოვიხილოთ სამხრეთ კორეის განათლების სისტემა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მის ჩამოყალიბებაზე გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა ისტორიულმა პროცესებმა, თავდაპირველად იგი პრორუსული მოდელით მიმდინარეობდა, თუმცა 1945 წლიდან, ამერიკული ოკუპაციის პერიოდში სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემა დასავლურ მოდელზე გადაეწყო, პრუსიული სკოლის გავლენა მაინც ძლიერი დარჩა, თუმცა უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ადამიანის სოციალიზაციასა და თვითგამოხატვას. ამდენად, სამხრეთ კორეული სისტემა კარგი მაგალითია აფრიკისა და აზიური ქვეყნებისთვის, მათ იუნისეფის რეკომენდაციების თანახმად უპირველესად, უნდა გაზარდონ დაფინანსებები და აამაღლონ მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაცია, მოამზადონ ახალი კადრები. იუნისეფი ყოველწლიურად მილიონობით თანხას გამოჰყოფს აფრიკის ქვეყნებში სკოლებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, ამ საქველმოქმედო პროცესებში ჩართულნი არიან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც.
ევროპულმა გამოცემა „ევრონიუსი“ მსოფლიოში განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხმიანება და ამ პროცესების ერთ-ერთ მათავარ შემაფერხებელ მიზეზად ომს ასახელებს. გამოცემამ წარმოადგინა მსოფლიოს ის პირველი – სამი ქვეყანა, სადაც ბავშვებს განათლების მიღება ომისა და კონფლიქტის პირობებში უწევთ.
იუნესკოს მონაცემებით ამ წუთებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 57 მილიონი ბავშვი ვერ იღებს სრულყოფილ განათლებას იმის გამო, რომ მათი სკოლების ფანჯრების გარეთ ომი მძვინვარებს.
ამ ქვეყნების მოკლე სიის პირველ ადგილს ერაყი იკავებს, ჩრდილოეთ ერაყში ყოველდღიური ტერაქტებისა და შეტაკებებისას ასობით ადამიანი იღუპება. ბევრ ისეთ დასახლებაში კი , სადაც ქურთები ცხოვრობენ სკოლების უმეტესობა უფუნქციოდ არის დარჩენილი,რადგან იქ ომისგან დაზარალებულების თავშესაფრებია გახსნილი.
სიის მეორე ადგილს უკრაინა იკავებს, სოციოლოგიური კვლევებისა თუ ფსიქოლოგების დასკვნით, ამ ქვეყანაში კონფლიქტის ზონიდან დევნილ და გამოქცეულ მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ ახალ სოციალურ გარემოსთან შეგუება.
მესამე ადგილი დაიკავა ავღანეთმა, ამ ქვეყანაში სიტუაცია ბევრად მძიმეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბავშვებს არ აქვთ სკოლები და წიგნები, ისინი ღია ცის ქვეშ იღებენ განათლებას. ავღანეთის ისტორია – ეს ომის ისტორიაა, რომელმაც მრავალი თაობა გამოზარდა შიშსა და ძალადობაში.
ამ ქვეყნების გარდა, უკანასკნელ წლებში სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ომებში 2 მილიონზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 6 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. ათობით მილიონ ბავშვს დღეს კონფლიქტურ ზონებში განათლების მიღება არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში სკოლაში სიარულს ისინი ფიზიკური თუ ემოციური ტრავმის გამო ვერ ახერხებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში განათლების დეფიციტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და სიღატაკის მაჩვენებლის ზრდას იწვევს.
წყარო: Euronews
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე