რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას, რუსულ-აფხაზური ძალების ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბებას, ასევე ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკურ თუ სოციალურ სისტემებში აფხაზეთის ინტეგრაციისკენ. ვრცელდება ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. “თბილისი თაიმსი” დაინტერესდა ამ ხელშეკრულების ფონზე როგორ ესახებათ ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სამაჩაბლოსა და ახაზეთის ბედი და სამომავლო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენ მათ აზრი “აბაშიძე-კარასინის” მოლაპარაკებებზეც ვკითხეთ.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი: ”ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ხელშეკრულება არის მორიგი უკანონობა, ისე როგორც 80-მდე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმდა. ჩვენ რომ ჩავუღრმავდეთ ამ დოკუმენტებს და ვაღიაროთ, ამით რაღაც იცვლება, ძალიან საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ყველა დანარჩენი ხელშეკრულებაც ასევე სერიოზულად უნდა აღვიქვათ… ე.წ. ხელშეკრულება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით უკანონოა და არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება რუსეთის ქმედებას, როგორც პოლიტიკურ ქმედებას, ეს არის საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, სადაც პირველად გამოჩნდა, რომ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გარდა ემოციებისა და პანიკური განწყობისა, საჭიროა, ამას შევხედოთ გონივრულად და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ე.წ ხელშეკრულება არსებითად არ განსხვავდება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაფორმებულ ოთხმოცზე მეტ მსგავსი ე.წ. ხელშეკრულებისგან. ყველაზე მძიმე ცვლილებები მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ რუსეთს საშუალება მისცა, განეხორციელებინა საომარი მოქმედებები, მოეხდინა ტერიტორიების ჯერ ოკუპაცია, შემდეგ აღიარება და უკანონო ხელშეკრულებების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულებები თავისი სტატუსით უფრო მაღალია, ვიდრე 24 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი. რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება სწორედ ამ შეთანხმებიდან გამოდის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დოკუმენტი სამართლებრივად შეფასდეს, რადგან მისი წარმომშობი ხელშეკრულება უკანონოა. შესაბამისად, დღეს მის ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა. მეორე საკითხია, რატომ გააკეთა რუსეთმა დღეს ეს? – იმიტომ, რომ აშკარად ხედავს, კარგავს აფხაზეთს საქართველო – ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით. შეიქმნა რა შანსი აფხაზებისთვისაც, მოახდინოს დისტანცირება რუსეთისგან და შეიქმნას გარკვეული ევროპული პერსპექტივა. სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა პანიკური ქცევა და აფხაზური მხარე იძულებული გახადა, ეჭვქვეშ დაეყენებინა მის მიერ მიღწეული და რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ, არა თუ არ უნდა შევაჩეროთ და შევაყოვნოთ ჩვენი ინტეგრაცია ევროპისკენ, არამედ კიდევ მეტად დავაჩქაროთ და მეტი ინტენსივობით მოვახდინოთ ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ამ ფონზე უნდა გადავარჩინოთ როგორც მთელი საქართველო, ისე საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად აფხაზები, ეთნიკურად ოსები. რაც შეეხება მოლაპარაკებებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და რუსეთს არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ფონზე რაღაც დიალოგის ფორმატი უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ეს ფორმატი, ვფიქრობ მისაღებია, ამიტომ არ უნდა გადაიხედოს. ”
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე: ”ეს ხელშეკრულება შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიების საბოლოო ანექსიას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ძალიან რთულად მესახება მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის. აბაშიძ-კარასინის ფორმატი არ უნდა გაგრძელდეს იმ სახით, რომლითაც იგი იყო, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც სხვა სახით და სხვა თემით ოდესმე შეხვედრა მოხდეს, მაგრამ იმ ფორმატით, რომლითაც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებით, ავიაციის აღდგენასა და ა.შ შეხვედრები არ უნდა გაგარძელდეს. აბაშიძე-კარასინის ფორმატზე მეტად მე მაინტერესებს, მეორე საკითხი, ჟენევის მოლაპარაკებები, მაინტერესებს, თუ როდის გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებები და როგორ აისახება ეს ორი ხელშეკრულება, ერთი უკვე ხელმოწერილი, მეორე ალბათ მზადების პერიოდში მყოფი, ჟენევის მოლაპარაკებების თემატიკაზე და რა სიმწვავით დააყენებს ამას საქართველოს დელეგაცია. ასევე საინტერესოა საერთოდ როგორ უყურებს, საქართველოს დელეგაცია რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფონზე ჟენევის მოლაპარაკებებს. მთავრობას პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ამ საკითხის ირვგვლივ გამართოს მსჯელობა, ჯერ მთავრობის შიგნით, შემდეგ კი მსჯელობაში ჩართოს ფართო წევრები. იყო დაანონსებული, თითქოს პრეზიდენტი აპირებდა მსგავსი მსჯელობის მოწყობას, მაგრამ მე არ მსმენია, რომ მსგავსი რამ გამართულიყოს. ფაქტი ერთია, რომ მოეწერა ხელშეკრულებას ხელი, რომელსაც, როგორც ჩანს, მთავრობა აფასებს თავის წარმატებად, რადგანაც ეს სიტყვები თქვა პაატა ზაქარეიშვილმა ამ ხელშეკრულების შეფასებისას. ვფიქრობ, რომ ეს წარმატება კი არა სრული კატასტროფაა და ვერ ვხედავ ხელისუფლებიდან სათანადო რეაქციას. რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა, მთავრობას კი სათანადო რეაქცია არა აქვს.”
“ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი: ”ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით გაცილებით უფრო დიდი უბედურება მოხდა 2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც ყველაზე დიდი პრობლემა შეიქმნდა და ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა აღიარა საქართველოს ტერიტორიის ნაწილები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემა იყო ვიდრე ამ ხელშეკრულების გაფორმება, ეს იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ყველაზე მწვავე გამოვლენა. ამ ხელშეკრულების გაფორმება, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო და ცუდი პროცესია, ჩვენი ქვეყნისთვის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგის მომტანი. ”ნაციონალური მოძრაობა” ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ქმნის ისტერიულ ფონს, რომლითაც სურს გადაფაროს 2008 წლის შემოდგომაზე ჩადენილი საკუთარი დანაშაული. ის რაც ახლა ხდება ერთმნიშვნელოვნად ცუდია და ამ ხელისუფლების უზარმაზარი პრობლემაა, რომელსაც შეეძლო, ეს ხელშეკრულება თავიდან აეცილებინა, იმ გზით, რომ შეესრულებინა საკუთარი დაპირებები. ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ხალხს პირადად ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აიღებდა ტელეფონს, დაურეკავდა რუსეთის ხელმძღვანელობას და ჩვენს პრობლემებს გადაიტანდა მოლაპარაკებების მაგიდაზე. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ მოხდა, როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მთელს პოლიტიკურ გუნდს ამის ბერკეტი არ აღმოაჩნდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ აღმოვჩნდით პასიური დამკვირვებელი, ვაკვირდებით, თუ როგორ ავითარებს რუსეთი ურთიერთობებს საქართველოსთვის წართმეულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაციის შესაცვლელად ერთადერთი გამოსავალი, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვაა. მერამდენეჯერ უნდა დავინახოთ, რომ საქართველოს პრობლემების მოგვარება შეუძლებელია ევროპაში, აშშ-სა თუ აღმოსავლეთში?! დღევანდელ რეალობაში ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთთან აქვს უკრაინას, ბოლოსდაბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ხვდება, მიუხედავად ასეთი უმძიმესი დაპირისპირებისა, სიტუაციის გამოსწორება და უკრაინის ინტერესების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების წარმართვით. ჩვენ რაც უფრო დავაგვიანებთ ამ მოლაპარაკებების დაწყებას, მით უფრო მეტ ხელშეკრულების თუ დოკუმენტის მიღებას დავაკვირდებით გვერდიდან. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი პირდაპირპროპორციულად აძლიერებს თავის გავლენას აღმოსავლეთ კავკასიაში, ამას აკეთბს პირველ რიგში აფხაზეთისა და ცხინვალის მეშვეობით. აღარ უნდა ვიაროთ ნაციონალური მოძრაობის ჭკუაზე, რომ თითქოს მოლაპარაკებები არ შეიძლება და ყველა მოლაპარაკება უნდა შევწყვიტოთ, მხოლოდ უნდა ვაგინოთ რუსეთს და ყველაფერი მოგვარდება, ეს არის პოლიტიკა, რომელმაც დაღუპა საქართველო 9 წლის განმავლობაში. ჩვენი პარტია ”გაერთიანებული დემოკრატები” ამ საქმის ასე გაგრძელებას არ აპირებს, ხელისუფლებაში როდესაც მოვალთ, და გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, რადიკალურად შეიცვლება ურთიერთობები და საქართველოს პრობლემების მოგვარება დაიწყება. რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული პოლიტიკური პრობლემების მოგვარება, ამ ფორმატის ფარგლებში ვერ გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. მეორესმხრივ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეიძლება მოგვარდეს ეკონომიკური თემები, სავაჭრო ურთიერთობები. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ცუდი და ეს ფორმატი გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ჟენევის ფორმატი, რომელსაც ნაციონალები „კბილებით ეპოტილებიან“, იმიტომ, რომ მათ მიერ შექმნილი ფორმატია, აგერ უკვე 49-ე რაუნდი ჩატარდა და ერთი მოგვარებული პრობლემაც კი არ მახსოვს. რა თქმა უნდა, აბაშიძ-კარასინის მოლაპარაკებებსაც არ შეუძლია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაალაგოს, მაგრამ ჩემთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახელმა გლეხმა ამოისუნთქა და მის დაწურულ ღვინოს გასაღების ბაზარი აქვს. ამაზე უარის თქმა, კი ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან სამშობლოს მტრობის ტოლფასია, რასაც ნაციონალური მოძრაობა დღეს ჩადის, როდესაც აცხადებს, რომ მწვანილზე ვყიდით ქვეყნის კეთილდღეობას, ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა და დამნაშავე ხდება ”ქართული ოცნებაც”, რომელიც დამნაშავეებს არ სჯის.”
ინსტრუქტორ -ანალიტიკოსი გლობალურ იუსაფრთხოების საკითხებში, დოქტორთა კლუბის პრეზიდენტი და დასავლეთის სპეცსამსახურების მკვლევარი თორნიკე შურღულაია: ”ეს არის რუსეთის მხრიდან იურიდიულად საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების და ამდენი წლების მანძილზე არსებული სიტუაციის დეიურედ გაფორმების მცდელობა. ჯერ კიდევ 1 წლის წინ კომენტარებსა, თუ ინტერვიუებში ვაცხადებდი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა იმაზე ადრე ვიდრე ყველას ეგონა. რუსეთის ამგვარი ქმედება გამომდინარეობს იმპერიული ამბიციებიდან და ყოველივე გახლავთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძირითადი მიზნის შემადგენელი ნაწილი (აღადგინოს საბჭოთა კავშირი), რადგანაც ის საბჭოთა კავშირის დაშლას ისტორიულ შეცდომას უწოდებს. დასავლეთის ლიბერალური და რბილი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებად მოგვევლინენ. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები და ოსები რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას განაგრძობენ ისინი განწირული არიან დაკარგონ თავიანთი იდენტობა, რადგან დაუყოვნებლივ მოხდება მათი ასიმილაცია სლავებთან. რუსეთის ფედერაცია თავისი რეგრესული პოლიტიკის გამო გაიზიარებს სსრკ–ს ბედს, შეიძლება ეს ცოტათი დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ 21- საუკუნეში რუსეთის Realpolitik განწირულია მარცხისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა ხელისუფლებამ უდაოდ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ურთიერთობები დასავლეთის პარტნიორ ქვეყნებთან, უნდა გავააქტიუროთ პარტნიორობა, რადგან ჩვენ ამ პლათფორმაზე სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით, ჩვენი მიზანია განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ ყაიდაზე, რისთვისაც საჭიროა ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი ეკონომიკა და ეროვნული იდეა, იდეა რომელიც იქნება პრაგმატულ პოლიტიკაზე დამყარებული და არა ილუზიებით გაჯერებული და პიარზე ორიენტირებული. როგორც ჰარი ტრუმენი იტყოდა “ძალა ერთადერთი რამაა, რაც რუსებს ესმით“.
ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი: ”ეს ხელშეკრულება არის ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს თანმიმდევრული გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთი მუდმივად ცდილობს, ამ რეგიონების საქართველოსგან იზოლაციას, ხელშეკრულების სპეციფიკა, კი მდგომარეობსამ შემთხვევაში აფხაზეთის საბოლოო მიერთებაზე და მის პოლიტიკურ ველში საბოლოო მოქცევაზე. თუ რაიმე პოზიტიურის დანახვა შეიძლება რუსეთის ამ ნაბიჯში არის, ის რომ ხელშეკრულებას აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილში მოყვა წინააღმდეგობა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აფხაზ ხალხში ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაიზრდება, მოიმატებს და საბოლოო ჯამში ისინი უარს იტყვიან ანექსიის იმ განზრახვაზე, რაც რუსეთს აქვს. ეს შეიძლება გახდეს აფხაზეთში ანტირუსული მოძრაობის გაძლიერების საფუძველი, რაც მექანიკურად არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს შემოდგენლობაში ყოფნას მოინდომებენ, მაგრამ ეს იქნება ნაბიჯი იმისა, რომ აფხაზი ხალხი მოინდომებს საქართველოსთან დაახლოვებას. მე მოლაპარაკებების წინააღმდეგი არასოდეს არა ვარ, ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები.
პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები თუ ექსპერტები მოლაპარაკებებისა და მსჯელობის უპირატესობაზე და ამ გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაზე საუბრობენ, თუმცა პრობლემა ჯერჯერობით ისევ მწვავედ დგას ჩვენს რეალობაში.
04.12.14
ნინა პირტახია