„რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა. მეორე საკითხია, რატომ გააკეთა რუსეთმა დღეს ეს? – იმიტომ, რომ აშკარად ხედავს, კარგავს აფხაზეთს საქართველო – ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით,“ – ამის შეხაებ „თბილისი თაიმსს“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.
”ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმერბული ხელშეკრულება არის მორიგი უკანონობა, ისე როგორც 80-მდე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმდა. ჩვენ რომ ჩავუღრმავდეთ ამ დოკუმენტებს და ვაღიაროთ, ამით რაღაც იცვლება, ძალიან საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ყველა დანარჩენი ხელშეკრულებაც ასევე სერიოზულად უნდა აღვიქვათ… ე.წ. ხელშეკრულება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით უკანონოა და არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება რუსეთის ქმედებას, როგორც პოლიტიკურ ქმედებას, ეს არის საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, სადაც პირველად გამოჩნდა, რომ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გარდა ემოციებისა და პანიკური განწყობისა, საჭიროა, ამას შევხედოთ გონივრულად და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ე.წ ხელშეკრულება არსებითად არ განსხვავდება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაფორმებულ ოთხმოცზე მეტ მსგავსი ე.წ. ხელშეკრულებისგან. ყველაზე მძიმე ცვლილებები მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ რუსეთს საშუალება მისცა, განეხორციელებინა საომარი მოქმედებები, მოეხდინა ტერიტორიების ჯერ ოკუპაცია, შემდეგ აღიარება და უკანონო ხელშეკრულებების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულებები თავისი სტატუსით უფრო მაღალია, ვიდრე 24 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი. რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება სწორედ ამ შეთანხმებიდან გამოდის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დოკუმენტი სამართლებრივად შეფასდეს, რადგან მისი წარმომშობი ხელშეკრულება უკანონოა. შესაბამისად, დღეს მის ტექსტში ჩაღრმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა. მეორე საკითხია, რატომ გააკეთა რუსეთმა დღეს ეს? – იმიტომ, რომ აშკარად ხედავს, კარგავს აფხაზეთს საქართველო – ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით. შეიქმნა რა შანსი აფხაზებისთვისაც, მოახდინოს დისტანცირება რუსეთისგან და შეიქმნას გარკვეული ევროპული პერსპექტივა. სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა პანიკური ქცევა და აფხაზური მხარე იძულებული გახადა, ეჭვქვეშ დაეყენებინა მის მიერ მიღწეული და რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ, არა თუ არ უნდა შევაჩეროთ და შევაყოვნოთ ჩვენი ინტეგრაცია ევროპისკენ, არამედ კიდევ მეტად დავაჩქაროთ და მეტი ინტენსივობით მოვახდინოთ ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ამ ფონზე უნდა გადავარჩინოთ როგორც მთელი საქართველო, ისე საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად აფხაზები, ეთნიკურად ოსები. რაც შეეხება მოლაპარაკებებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და რუსეთს არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ფონზე რაღაც დიალოგის ფორმატი უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ეს ფორმატი, ვფიქრობ მისაღებია, ამიტომ არ უნდა გადაიხედოს,“ – განმარტავს მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
04.12.14
ნინა პირტახია