სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც ხელმოწერის შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მემორანდუმის საფუძველზე გეგმავენ სპორტის სფეროში თანამშრომლობის გზით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას.
რაც შეეხება ხელმოწერილ მემორანდუმს, მემორანდუმის მიხედვით მხარეები თანხმდებიან, მოუწოდონ სპორტის სფეროში მოქმედ შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს, ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით განავითარონ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და დაგეგმონ ერთობლივი სპორტული ღონისძიებები; გაცვალონ ცოდნა და ინფორმაცია ფიზიკური აღზრდისა და მაღალი მიღწევები სპორტის სფეროში, მათ შორის სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და უახლესი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც შეიცავს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სპორტის სახეობებს; გაცვალონ ინფორმაცია სპორტული ობიექტების, მათ შორის მასობრივი სპორტის ობიექტების მოწყობა-განვითარებასა და განახლებებთან დაკავშირებით; ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება სპორტის შესახებ კანონდებლობის, სპორტული მედიცინისა და ანტიდოპინგის საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ სპორტში ძალადობის აღმოფხვრის, დოპინგისა და სპორტულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის წინააღმდეგ არსებული მექანიზმის შესახებ, ასევე განავითარონ თანამშრომლობა ევროპის სპორტის ქარტიის ფარგლებში; მემორანდუმის მიხედვით მხარეები თანხმდებიან განახორციელონ ერთობლივი პროექტები, როგორიცაა ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსემენების აღმოჩენა და მათი შემდგომი მომზადება, ასევე სპორტსმენებისა და სპორტული გუნდებისთვის სხვადასხვა სპორტულ დისციპლინებში ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების მოწყობა.
05.12.14