ლარის კურსის ვარდნას საქართველოში ყოველი წლის ბოლოს ელოდებიან, გასულ წლებში ეს პროცესები ქვეყნის ეკონომიკამ და მოსახლეობამ წლევანდელთან შედარებით უმტკინვეულოდ გადაიტანა. ლარის კურსის ვარდნა 2014 წლის 18 ნოემბრიდან დაიწყო, მაშინ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 1,76-ით განისაზღვრებოდა. 5 დეკემბრის მონაცემებით კი ლარის კურსი 1,8984 პუნქტით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 0,0368-ით შესუსტებული მაჩვენებელია.
2 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა. სავალუტო აუქციონების მიზანი მიმოქცევაში არსებული ლარის რაოდენობის შემცირებაა. საქსტატის მონაცემებით, კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები 6,2 %-ით არის გაზრდილი. ხილსა და ყურძენზე ფასების 12%-იანი მატებაა. კვერცხსა და რძის პროდუქტებზე, კი წინა წელთან შედარებით 4%-იანი ზრდაა. საკვები პროდუქტებიდან ფასები ზეთსა და ცხიმზე 3,8%-ით არის შემცირებული. ეროვნული ვალუტა ამ დროისთვის, ,,თავისუფალი ცურვის” რეჟიმში იმყოფება, მისი გაცვლითი კურსი ბაზარზე მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეროვნული ბანკის განცხადებით, მის გაცვლით კურსს გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში მაინც აკონტროლებს. ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე, მის სამომავლო ბედზე და ქართველი მომხარებლის მდგომარეობაზე „თბილისი თაიმსი“ ეკონომიკის დარგში ექსპერტებს ესაუბრა. მათ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციები მისცეს.
აკაკი ცომაია: “იმის წინასწარმეტყველება, თუ რა ნიშნულამდე დაეცემა ლარის კურსი არავის შეუძლია. ეს, რომ შესაძლებელი იყოს, ბევრი ადამიანი მარტივად გამდიდრდებოდა. წელს საფრთხე შედარებით მაღალია, ვიდრე ეს შარშან იყო. შარშან, ლარის მოულოდნელი ვარდნა განაპირობა 2013 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვამ. ლარის დიდი მასა მიაწვა ბაზარს და შექმნა უცხოური ვალუტის დეფიციტი. მყისიერმა ცვლილებამ ბევრ ადამიანს უბიძგა, რომ ლარის დანაზოგი გადაეტანა უცხოურ ვალუტაში, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ლარის გაუფასურებას. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, რომ განეხორციელებინა სავალუტო ინტერვენციები და შესაბამისად, მას მოუწია ნახევარი მილიარდი სავალუტო რეზერვის დახარჯვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი ამ პროცესში დაგვიანებით ჩაერთო, რადგან შესაძლებელი იყო უფრო სწრაფად დროულად მოქმედება და რეზერვიც ნაკლები დაიხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სიტუაცია წააგავს შარშანდელს, იგი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება. წელს, შემცირდა წმინდა ექსპორტი, ანუ იმპორტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტი, შემცირდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და შემცირდა უცხო ქვეყნებიდან მოქალაქეთა მხრიდან გადმორიცხული უცხოური ვალუტის მოცულობა. განსაკუთრებით, აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება რუსეთიდან გადმორიცხული ვალუტის რაოდენობის შემცირებაზე. ფაქტობრივად, საგრძნობლად შემცირდა თითქმის ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის მიწოდებას ქვეყანაში. შედეგად, შემცირდა უცხოური ვალუტის რაოდენობა და ამანაც განაპირობა ლარის გაუფასურება. ამ შემთხვევაში, ლარის გაუფასურება გიჩვენებთ ეკონომიკის ფაქტიურ მდგომარეობას. მისი ხელოვნური გამყარება შეიძლება, მაგრამ ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი. ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაიწყოს მოქმედებები ლარის გასამყარებლად. ამ სიტუაციას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ წლის ბოლოს არის იმის საშიშროებაც, რომ საქართველოს მთავრობა შარშანდელივით დახარჯავს ბევრს ერთბაშად სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად, რაც ლარს აუცილებლად გააუფასურებს კიდევ უფრო მეტად. თუმცა, შემოსავლების შესრულების ნაწილში ბიუჯეტი ვერ სრულდება და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იმედი გვაქვს, რომ ვერ შესრულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობა დგას შედარებით მძიმე არჩევანის წინაშე: ა) შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და დააფინანსოს სხვადასხვა პროექტები, რომელიც ძირითადად სოციალურ ხასიათს ატარებს და ეკონომიკის ზრდაზე არ არის ორიენტირებული და ეს გააკეთოს ლარის კიდევ უფრო გაუფასურების ხარჯზე, თუ ბ) უარი თქვას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (ანუ ჩააგდოს ბიუჯეტი), მაგრამ შეინარჩუნოს ლარის კურსის ფაქტიური მდგომარეობა ამ შემთხვევაში, ბ ვარიანტი სჯობს ა-ს, რადგან ცხადია, რომ ლარის გაუფასურებით შემცირებული ეკონომიკური კეთილდღეობა აღემატება საბიუჯეტო ხარჯებით შექმნილ სარგებელს. მომხმარებელმა ეს პროცესები უკვე იგრძნო და ტენდენცია უარესობისკენ იცვლება. ამას ეკონომიკური ზრდის კვარტალური მაჩვენებლებიც ადასტურებს: იმპორტიორი კიდევ უფრო მეტად შეეცდება პროდუქტის გაძვირებას, ვიდრე შარშან, რადგან მისი მოლოდინი შეიცვალა, ყველას, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, უცხოელმა ინვესტორებმა მიიღეს მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ეკონომიკა სახიფათოა და არ ღირს იქ ინვესტიციების განთავსება და ბიზნეს-გარიგებების რაოდენობა შემცირდება, რაც მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება .
ირაკლი ზარქუა: „თუ, რა ნიშნულზე დაფიქსირდება ლარის კურსი დოლართან მიმართებში ასე გადაჭრით თქმა ცოტა რთულია, ვინაიდან უამრავი ფაქტორი მოქმედებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. თუმცა ზუსტად შეიძლება იმის პროგნოზი, რომ ლარის კურსის ასეთი დაცემა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში არის დროებითი და ის იანვრის 15 რიცხვის შემდეგ, რამდენიმე პუნქტით დაიწევს და დაახლოებით 1.81- 1.84 ფარგლებში დაფიქსირდება დოლართან მიმართებაში. რაც შეეხება საფრთხეებს, სიმართლე გითხრათ, ასეთი აჟიოტაჟი და პანიკა სავალუტო ბაზარზე, უფრო მედიისა და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ აგორებული მგონია. ვინაიდან, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის რომ, ყოველი თვის ბოლოს, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები ძირითადად დოლარში აქვთ და შესაბამისად ხდება დოლარზე მოთხოვნის გაზრდა. ამას ემატება, ის ფაქტორიც, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტები ძლიერ რყევებს განიცდიან, ვგულისმხობ რუსეთს და თურქეთს, რაც ბუნებრივია აისახება როგორც სავაჭრო ურთიერთობებზე, ასევე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც და ბოლოს ყველაზე მთავარი, საგრძნობლად არის შემცირებული რუსეთიდან გზავნილები ამერიკულ დოლარებში. რომელიც დაახლოებით 500 000 $ შეადგენდა გასულ წლებში. რაც ბუნებრივია საქართველოს სავალუტო ბაზარზე ლარის დაბალანსებას მნიშნელოვნად უწყობდა ხელს. ლარის კურსზე ზემოქმედების კომპეტენცია და ბერკეტები გამოკვეთილად აქვს ჩვენს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია გარკვეული ინტერვენციებით, ანუ ბაზარზე დოლარის ყიდვა- გაყიდვის გზით მოახდინოს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია და ამის შესაბამისი რეზერვებიც გააჩნია . ბოლო მონაცემებით, ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით, 80 მილიონი დოლარი გაყიდა ბაზარზე, თუმცა ეს, როგორც ჩანს არ არის საკმარისი, ვინაიდან ლარის კურსი კვლავ ეცემა. ის პანიკა რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორია სავალუტო რყევების, შეუძლია მინიმუმადე დაიყვანოს თუ რათქმაუნდა ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელი, რამე საბოტაჟს არ ეწევა ახალი მთავრობის მიმართ.“
გია მაისაშვილი: „მთავარი გამომწვევი მიზეზი ლარის დევალვაციის არის ის, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მოთხოვნის ნაწილის შესუსტებამ და ამერიკაში ნავთობის წარმოების რადიკალურმა ზრდამ, რომელიც 4 მილიონი ბარელია დღეში, გამოიწვია ნავთობის ფასის უსწრაფესი ვარდნა 65 დოლარამდე ბარელზე, რამაც დოლარის გამყარებას შეუწყო ხელი. ზოგადად, კი ამას ემატება საქართველოს ეკონომიკის მომავლის გაურკვევლობა და მიმდინარე სტაგნაცია. ამ პირობებში კურსის დარჩენა გართულდება მომავალი ლარის კიდევ უფრო გაუფასურების ფონზე. ამ პროცესს ადასტურებს ის, რომ ყველა ცდილობს ლარის მოცილებასა და დოლარში მის კონვენტირებას, რადგან მათ აქვთ იმის მოლოდნი, რომ ხვალ უფრო სუსტი იქნება ლარი. ამის შესაჩერებლად მთავრობას სჭირდება ის, რომ ბაზარმა ირწმუნოს მთავრობის მკაფიო მოქმედებისა და მას ნდობა გამოუცხადოს. დღესდღეობით, ამ მთავრობისათვის ეს ძალიან რთულია. საჭიროა პრემიერისა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გააქტიურება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობა. რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ყოველდღიურად უნდა ჩანდნენ პრესასა თუ ტელევიზიაში. უნდა ისაუბრონ მკაფიო ეკონომიკურ ამოცანებსა და მათ გადაწყვეტაზე. ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისთვის,რომ გაიზარდოს გამოყენებული ეროვნული პროდუქტის და მომსახურეობის კონკურენტუნარიანობა. საექსპორტო სექტორისა და ტურიზმისთვის ეს ხელსაყრელია. მთავრობამ უნდა შექმნას, ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივი პროდუქტისა და მომსახურების ზრდა. აგრეთვე ამ რთული სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ქართული ეკონომიკისთვის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. პატარა დოზით ინფლაცია პირიქით, ბიძგი გახდება, ადამიანებს მოუნდებათ პროდუქტის ყიდვა, ინესტიცია და არა ნაღდი ფულის უმოქმედოდ სახლში შენახვა. ასე, რომ ეს მოვლენა შეიძლება არა კომპეტენტური მთავრობისთის იქნას დიდი გამოცდა და კომპეტენტური მთავრობისთვის შესაძლებლობა – ქართული ეკონომიკისათვის საწყისი ბიძგის მისაცემად.“
ემზარ ჯგერენაია: „დღესდღეობით, რაც შეიძლება ამ პროცესებზე ითქვას არის ის, რომ დოლარი არა მხოლოდ, ლართან მიმართებაში ის, მთელს მსოფლიოშია გამყარებული. მან მიაღწია თავის ისტორიულ მაქსიმუმს და ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მყარი სწორედ ახლა არის. ეს რა თქმა უნდა, აშშ-ს ეკონომიკისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან იგი 2,4 % – ით გაიზარდა. სამაგიეროდ, ეს პროცესები ევროპული და განვითარებადი ქვეყნებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება? ამის სამი მთავარი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში, ის რომ უკრაინასა და რუსეთში საექსპორტო და სავალუტო ნაკადების შემცირდა, მეორე მიზეზი ესაა მსოფლიო სასაქონლო ბაზარი, სადაც ძირითადი საქონელი დოლარით ფასდება და ბოლო, ეს არის სეზონური ფაქტორი ანუ დეკემბრის საახალწლო – საშობაო ვაჭრობა, რომლის დროსაც ძირითადად, მიწოდება იზრდება და კურსი ვარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი სასაქონლო ნომეკლატურის მიხედვით, ის რაც არის გადამწყვეტი ჩვენს სამომხმარებლო კალათაში: პური, შაქარი, ზეთი და ა.შ ფასები ვარდება მსოფლიო ბაზარზე, ჩვენთან ამ კუთხით ინფლანციის რისკი ნაკლებია. ყველაზე მტკინევულია ის, რომ ლარის ასეთი „ცურვაზე“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბუნებრივია, მაგრამ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ რეალობას, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კრედიტები აქვს დოლარში, მათ ყოველი თვის ბოლოს უწევთ ამ სესხის დაფარვა, იქ ინფლაციაზე მტკინვეული სწორედ ამ სესხის მომსახურეობაა. თუ გაიზრდება მაგალითისთვის, ხორცზე ფასი ისინი არ მიირთმევენ მას იმის გამო, რომ კრედიტი აქვთ დასაფარი. ეს ძალიან დიდ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ რამდენიმე ასობით და ათასობით ლარის გაცემა უწევთ ასეთ ადამიანებს. ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან ერთად აკვირდება პროცესებს, აკვირდება იმას არის თუ არა ეს ტრენდი? – ანუ გაგრძელებადი ეს პროცესები. თუ ეს გაგრძელებადი ტრენდია მაშინ ჯობია ლარის კურსი დაფიქსირდეს, თუ ეს არის დროებითი სპეკულაცია, მაშინ ის ინექციებს დააფიქსირებს და პირველი ინექციაც დააფიქსირა. ჩვენ გვინდა, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებით კურსი დავაფიქსიროთ და დავაბალანსოთ, ეს სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, ეროვნული ბანკი დახარჯავს ამ რეზერვებს , ლარის ვარდნა ისევ გაგრძელდება და ჩვენ ჰაერში დავრჩებით. მე ვფიქრობ, მომავალში ეს რყევები ისევ გაგრძელდება, დოლარი წლის ბოლოს გამყარდება, ფასები გაიზრდება და კურსი იანვრის ბოლომდე 1,8 – ის ირგვლივ იტრიალებს. ხელისუფლება უნდა შეეცადოს იმას, რომ როგორმე ეს მძიმე თვე ნახევარი გადაგვატანინოს.“
05.12.14 ნათია კეკენაძე