ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე ორი დღით ადრე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს. ედგარს რინკევიჩის თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ ევროკავშირთან უფრო ახლოს იყოს. რინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს.
“ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიკაციას, რადგან ამ მხრივ ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ. ჩვენ წინ მივიწევთ ასცორიების შეთანხმების სრულ განხორციელებაში. მჯერა, რომ საქართველომ რეფორმების კუთხით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს დასაწყისია და არა დასასრული. ყველა რეფორმის გასატარებლად სერიოზული დროა საჭირო. შესაძლოა, რიგის სამიტზე არა, თუმცა საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ ევროკავშირთან უფრო ახლოს იყოს. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე გვაქვს დისკუსია საქართველოს მთავრობასთან, სასამართლოს თემასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების ზოგიერთ ასპექტზე, თუმცა საქართველო და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნები არიან და თქვენს მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტში 18 დეკემბერსაა დაგეგმილი. რატიფიცირებამდე ერთი დღით ადრე კი დებატები გაიმართება. დოკუმენტის რატიფიციცირებასთან ერთად ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ორ რეზოლუციასაც მიიღებს.
16.12.14
Discussion about this post