მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს, ბათუმში, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა რეგიონული სემინარი, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციის ქმედითი ზომების განხილვას.
სემინარი გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ბევრ ქვეყანაში კორუფციის პრევენციისა და ლეგიტიმური პრაქტიკის გასაძლიერებლად იურიდიული და ინსტიტუციური ზომები დაინერგა.
ორი დღის განმავლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ანტიკორუფციული ორგანოების პოტენციალის გაზრდასა და განვითარებაზე ისაუბრებენ.
ანტიკორუფციული უწყებების, ფინანსური გამოძიების ორგანოების, სახელმწიფო ადმინისტრაციის დაწესებულებათა, საგადასახადო/საშემოსავლო სამსახურების, იუსტიციის სამინისტროების და სხვა ორგანიზაციების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ცოდნას გაიღრმავებს კორუფციის პრევენციის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების საკითხებზე.
სემინარი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით იმართება და მისი თანაორგანიზატორები არიან: ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინიციატივების კოორდინატორის სამსახური, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკომანიისა და კრიმინალის სამსახური (UNODC), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი (CAN).
16.12.14