საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2014 წლის მიღწევებზე და მომდევნო წლის გეგმებზე ესაუბრა.
“დიდი მადლობა, რომ შემომიერთდით დღესასწაულების აღსანიშნავად. საქართველოში ძალიან ხანგრძლივი სადღესასწაულო სეზონი გვაქვს, რომელიც იწყება 16 დეკემბერს, როცა აღინიშნება ხანუქა, და სრულდება ძველი სტილით ახალ წელს, 14 იანვარს.
მე განსაკუთრებით მიყვარს წელიწადის ეს დრო. ეს არის მეგობრებისა და ოჯახურ წრეში დღესასწაულების აღნიშვნის დრო. ეს არის მიმავალი წლისადმი მადლიერების გამოხატვის დრო, ეს არის დაფიქრების დრო. ეს არის დრო, როცა ჩვენ ვემზადებით საინტერესო მომავალი წლისათვის.
მე თქვენ ყველას მეგობრებად და ოჯახის წევრებად გთვლით. თქვენ ხართ არა მხოლოდ პირადად ჩემი და ჩემი გუნდის მეგობრები, არამედ ქართველი ხალხის მეგობრებიც. საქართველოს სურვილია, იყოს ყველა ქვეყნის მეგობარი. წელს ჩვენ ყველა თქვენგანთან ვითანამშრომლეთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. დღეს კი ყველა ქართველის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მეგობრობისთვის. ვფიქრობ, მიმავალ და დამდეგ წლებზე, ვამაყობ ჩვენი მიღწევებით და იმედის თვალით შევყურებ ხვალინდელ დღეს. თქვენთან თანამშრომლობის შედეგად, წელს ხელისუფლებამ ძალიან ბევრს მიაღწია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მიღწევებზე დეტალურად ისაუბრა.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით; მკვეთრად გავაუმჯობესეთ ჩვენი მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა; ვმუშაობთ კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე; გავზარდეთ ექსპორტი, დავაგეთ გზები და მოვიზიდეთ უფრო მეტი ინვესტიცია, ვიდრე წინა პერიოდებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ისევ დგას გამოწვევების წინაშე და სამუშაო კიდევ ბევრია, მაგრამ უდიდეს იმედს ამყარებს 2015 წელზე.
“ვფიქრობ რა მიმავალ და დამდეგ წლებზე, მაგონდება ფრაზა: “ყოველი მომდევნო დღე ოდნავ უკეთესია, ვიდრე წინა”. ჩვენ დიდწილად სწორედ ამით ვხელმძღვანელობთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლა.
17.12.14
Discussion about this post