საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილობაში მყოფ 656 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს დღევანდელი სხდომის შემდეგ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, გადაწყვეტილება იმ პროგრამის ფარგლებშია მიღებული, რომელიც საცხოვრებელი სახლების 10 000 დევნილი ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.
“საქართველოს მთავრობა ასრულებს პროგრამას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. ეს არის დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა. მოგეხსენება, ეს არის 10-თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლის პირველ ოქტომბრამდე, სავარაუდოდ, 10 000 ოჯახს უნდა გადაეცეს სახლები. მთავრობის სხდომაზე დღეს გავიდა ამ პროგრამის ერთი ნაწილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე 656 ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცემათ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლები გაიცემა როგორც თბილიში, ისე ბათუმში, წყალტუბოში, კასპში, ხონსა და საქართველოს სხვა რაიონებში.
18.12.14