ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქრთველოში პროფესიული განათლების ცენტრები შედარებით მოთხოვნადი გახდა. ამ ტენდენციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ის, რომ მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში სტუდენტს სწავლა მთლიანად უფინანსდება. თუ რამდენი პროფესიული სასწავლებებლია ქვეყანაში, რა პროფესიების დაუფლება შეუძლიათ მსურველებს, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო კურსდამთავრებულების დასაქმებას და რა სიახლეები დაიგეგმა პროფესიული განათლების სისტემაში ამ და სხვა საკითხებზე ”თბილისი თაიმსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ესაუბრა.
რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლების ცენტრები?
– 2013 წლიდან, განხორციელდა 3 მიღება, რომელთა ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში სულ ჩაირიცხა 18 306 პირი.
კერძოდ:
- 2013 წელი- სტუდენტის სტატუსი მიიღო – 8396.
- 2014 წელი- სტუდენტის სტატუსი მიიღო – 9920.
რამდენი პროფესიული სასწავლებებლია საქართველოში და რა პროფესიების დაუფლება შეუძლიათ სწავლის მსურველებს?
– საქართველოში ფუნქციონირებს 20 სახელმწიფო და 69 კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. გარდა ამისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს 14 სახელმწიფო და 15 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 12 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მრავალპროფილიანია. მსურველთათვის ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
- აგრარული მეცნიერებანი;
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- ინჟინერია;
- მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
- სამართალი;
- სოციალური მეცნიერებანი;
- ხელოვნება;
- ჯანდაცვა;
- მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.
რომელი პროფესიის დაუფლებაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
– 2014 წლის შემოდგომის მონაცემებით, ბენეფიციართა მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი იყო შემდეგი პროფესიები:
1. ბუღალტერი;
2. ოფისის მენეჯერი;
3. მზარეული;
4. ინფორმაციული ტექნოლოგი;
5. ელექტრიკოსი.
რა გამოცდა უნდა ჩააბაროს მსურველმა პროფესიულ კოლეჯში მოსახვედრად?
– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად, მსურველები აბარებენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებას. კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი რეგულირდება თავად დაწესებულების მიერ. პროფესიული ტესტი ამოწმებს პირის პროფესიული უნარების შესაბამისობას არჩეული პროფესიის მოთხოვნებთან. შშმ და სსსმ პირებისთვის დანერგილია ალტერნატიული ჩარიცხვის წესი, რაც ტესტირების ნაცვლად გულისხმობს 3 სხვადასხვა პროფესიის მოსინჯვის გზით პირისათვის შესაბამისი პროგრამის შერჩევას.
დღეს რამდენი მსგავსი სასწავლებელი ან კოლეჯი ფუნქციონირებს?
– საქართველოში ფუნქციონირებს 20 სახელმწიფო და 69 კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება (კოლეჯი). გარდა ამისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს 14-ს სახელმწიფო და 15-ს კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 12-ს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
რა საფასურის გადახდა უწევს მსურველს კოლეჯში სასწავლებლად? სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა თუ მოქმედებს?
– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა, იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც გადალახული აქვთ პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. 2014 წელს პირველად, სახელმწიფომ დაიწყო ყოფილი პატიმრების პროფესიული მომზადება მათი რესოციალიზაციისა და დასაქმება-თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით. წელს პროგრამაში ჩაერთო 40 ყოფილი პატიმარი, შესაბამისი პროგრამები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ასევე, პროფესიული მომზადება გაიარა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის ცენტრის 50-მდე ბენეფიციარმა.
როგორ მიმდინარეობს სწავლება პროფესიულ სასწავლებლებში? სახელმძღვანელოები რამდენად ხელმისაწვდომია?
– სასწავლო პროცესი პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებაზეა ორიენტირებული, პრაქტიკული კომპონენტების განხორციელება ხდება სახელოსნოებსა და დამსაქმებლის საწარმო ბაზებზე. სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სტუდენტებისთვის სრულად ხელმისაწვდომია პროფესიული სწავლებისთვის გათვალისწინებული სავალდებულო ლიტერატურა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 2013 წელს, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმის ხედვა, რომელიც მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვა ასახულია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიაში (2013-2020). მიმდინარე წელს დამსაქმებელთა მონაწილეობით შემუშავდა 100-მდე პროფესიული სტანდარტი და 60 მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა. ასევე, მოდულების შესაბამისად, მომზადდა გზამკვლევები მასწავლებლებისათვის და სასწავლო მასალები/სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის. ამასგარდა, განხორციელდა სასწავლო მასალების ადაპტირება, რათა სრულფასოვნად წარიმართოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა სწავლა-სწავლების პროცესი.
პედაგოგებზე რას გვეტყვით? რამდენად კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან პროფესიულ სასწავლებლებში? მათი გადამზადება ხომ არ იგეგმება?
– პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე აქტიურად მუშაობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. მიმდინარე წელს, შემუშავდა ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების კონცეფცია“ რომელიც, ამ ეტაპზე, განხილვის პროცესშია და 2015 წლიდან იგეგმება მისი ეტაპობრივი დანერგვა. 2013 წელს პედაგოგების მინიმალური ანაზღაურება 3-4 ლარიდან გაიზარდა 8 ლარამდე. რეგულარულად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტრენინგი პედაგოგიკასა და სწავლების ტექნიკაში. წელს პირველად დაიწყო პედაგოგების გადამზადების პროგრამა დარგობრივ კომპეტენციებში დამსაქმებელთა ბაზებზე, პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.
პროფესიული კოლეჯები რამდენად უზრუნველყოფენ კურსდამთავრებულთა დასაქმებას? რაიმე პროგრამა ხომ არ არსებობს კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშესაწყობად?
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამშრომლობენ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, რომელთა მხრიდან, უზრუნველყოფილია საწარმოო პრაქტიკა. ხშირია შემთხვევები, როცა წარმატებული კურსდამთავრებულები საქმდებიან პრაქტიკის ობიექტებზე. გარდა ამისა, ერთის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო კომპანიებს შორის, გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომელთა მიზანი კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობაა. სტრატეგიის თანახმად, დამსაქმებლები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების ფორმირების ყველა დონეზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კოლეჯებისა და დამსაქმებლებისათვის სხვადასხვა წამახალისებელი ინიციატივების შეთავაზება, განსაკუთრებით პრაქტიკული სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რაც პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმია. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან სამინისტრო გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ამოქმედებას. მაგ: კონკურსების ორგანიზება, დამსაქმებლებისა და კოლეჯების ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და სხვა.
რაიმე ცვლილება ხომ არ იგეგმება პროფესიული განათლების სისტემაში? რა გეგმები აქვს სამინისტროს ამ კუთხით?
– საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის N300 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სისტემის მაქსიმალურ გახსნილობას, ინკლუზიურობას, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ხარისხის ამაღლებას. სტრატეგია მრავალკომპონენტიანია და შესაბამისად ყველა ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს მასშტაბური ღონისძიებები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კოლეჯების მენეჯმენტის გაძლიერება და მართვის ხარისხის უზრუნველყოფა, სისტემის დაფინანსების მექანიზმების დახვეწა, ასევე კანონმდებლობის დახვეწა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით, ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა, პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება, სოციალური პარტნიორობის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება როგორც სამინისტროს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე.
22.12.14
ნინა პირტახია