რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2015 წლის დასაწყისში ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ეს ფინანსური დახმარების რიგით მესამე პაკეტია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი პეტრე პოროშენკოს სატელეფონო საუბრისას სამომავლო გეგმები გააცნო და 2015 წლის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებითაც ესაუბრა. როგორც პოროშენკოს პრესსამსახური ავრცელებს, ევროკავშირისა და საერთაშორის – საფინანსო ორგანიზაციებს შორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთქმედების საკითხების განხილვა უკრაინასთან მალე აქტიურ ფაზაში შევა. ევროკომისია კი აცხადებს რომ, იუნკერი, პოროშენკოს მოწვევით, მზადაა მომდევნო წლის დასაწყისში ესტუმროს უკრაინას.
ევროკავშირისა და უკრაინის დროშები
ევროკავშირის მიერ უკრაინისადმი გაწუელი ფინანსური დახმარებები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროპა დაეხმარება უკრაინას განვითარებაში, დახმარების პაკეტი ფულემ რამდენიმე წელზე გათვალა.
ევროკომისიის პრეზიდენტი – ჟან კლოდ იუნკერი
2014 წლის შეფასებით, ევროკავშირმა უკრაინას საერთო ჯამში 1,61 მილიარდი ევრო გამოუყო, ბოლო ფინანსური გადარიცხვა განხორციელდა 3 დეკემბერს, როდესაც ევრო გაერთიანება ქვეყანას 500 მილიონით დაეხმარა. აღნიშნული ფინანსური დახმარებების პარალელურად ქვეყანა ცდილობს, რომ ევროპის მითითებები შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკება 24 და 26 ოქტომბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პეტრე პოროშენკომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან: ფრანსუა ოლანდთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მიაღწია. მხარეები შეთანმხდნენ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გაყვანისა და ყველა მძევლის განთავისუფლების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტი – პეტრო პოროშენკო
ბოლო ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. პრორუსულმა სეპარატისტებმა უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვა ისევ დაიწყეს. 22 დეკემბერს კი ქალაქ მარიუპოლთან რკინიგზის ხაზი ააფეთქეს, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სარკინიგზო მიმოსვლა და საზღვაო პორტის მუშაობა მხოლოდ გუშინ ნაშუადღევს აღდგა.
ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე ზეწოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ გამოცემაში განაცხადა, რომ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გამოფორმებასა და საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების განხორციელებას რუსეთი აუციელებლად შეუშლის ხელს. კანცლერის თქმით, ის მოვლენები რაც დღეს უკრაინაში ხდება პირდაპირი წინასწარმეტყველებაა იმისა, რაც მოხდება მომავალში ჯერ მოლდოვასა და შემდეგ საქართველოში. გერმანელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროპამ ახლა უნდა ჩვენოს ძალა, რათა მომავალში შედეგები ისეთივე მძიმე არ იყოს, როგორიც უკრაინაშია. ევროპულ გამოცემაში ფიქრობენ, რომ პესიმისტური შეხედულება იმის შესახებ, რომ რუსეთს სანქციები არ შეაშინებს და იგივე სცენარით იმოქმედებს საქართველოში და მოლდოვაში უსაფუძვლოა. თუმცა, ფაქტია რომ რუსეთი გაყინული კონფლიქტებით ამ სამ ქვეყანას პრობლემებს უქმნის. ამ სამ კონფლიქტში კი დნესტრისპირტეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები იგულისხმება.
სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში
ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის დესტაბილიზაციის პოლიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე კონტროლს ექვემდებარება. ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა მერკელის მოსაზრება, სადაც ის ამბობს, რომ ასობით ადამიანის სიკვდილი მხოლოდ რუსული ამბიციების დამსახურებაა:
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო
„საკუთარი გავლენის გაძლიერების მიზნით, კრემლი ცდილობს რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნები რუსეთზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებული გახადოს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე თვალის დახუჭვა არ შეუძლება და მიმაჩნია,რომ რუსეთთან დაკავშირებით ევროპის ერთიანი პოზიცია სწორია. დიახ, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და გავუმკაცრებთ სანქციებს რუსეთს“.
ევროპულ გამოცემებში აქტიურად განიხილავენ პოლიტიკური ანალიტიკოსის, ზბიგნევ ბჟეზინსკის მოსაზრებას, რომელიც ფიქრობს რომ უკრაინა ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი, შორეულ პერსპექტივაში კი ეს რუსეთის გეოპოლიტიკურ მომავალზეც მოახდენს ზეგავლენას. რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესები ისტორიულად შეუქცევადია, რომელიც გეოპოლიტიკურ გარდაქმნებს გამოიწვევს.
პოლონელი პოლიტოლოგი,სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკი
ბჟეზინსკის გავრცელებულ მოსაზრებაში საინტერესოა ის ეპიზოდი, სადაც მვლევარი რუსეთის ევროპულ სივრცეში გაერთიანებას პროგნოზირებს. მისი თქმით, უკრაინა ნამდვილად გახდება დემოკრაული ევროპის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით, ამას რუსეთიც გააკეთებს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ იგი საკუთარ იზოლაციას არ მოახდენს და არ გახდება ნახევრად ინერტული, იმპერიალისტური გადმონაშთი.
ამერიკელი ექსპერტების ფიქრობენ, რომ 2015 წლის დასაწყისში ევროკავშირსა და უკრაინას შორის გარკვეული შეთანხმება უნდა შედგეს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს კიევის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, უკრაინელება კი უნდა გააცნობიერონ, რომ ევროპელი გადასახადის გადამხდელები არ არიან აღტაცებული იმ ფაქტით, რომ მათი ფული კიევის ამჟამინდელ კორუმპირებულ ელიტას მოხმარდება.
„უკრაინამ უნდა დაანახოს ევროპას, რომ ის ევროპული ღირებულებების ერთგულია,“ – წერს ზბიგნევ ბჟეზინსკი – „ უკრაინის ევროპულ მომავალს უკრაინელებში ახლად გამოღვიძებული პატრიოტიზმი განსაზღვრავს, რომელიც ნასაზრდოებია უკრაინის ისტორიული იდენტობის აღქმით და იმის გააზრებით, რომ უკრაინა კულტურად არის არა „დედა რუსეთის“, არამედ ევროპის ნაწილი”.
დასავლეთში ფიქრობენ, რომ მოსკოვის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მიზანია ძველი რუსული იმპერიის მსგავსი, თანამედროვე საბჭოთა კავშირის შექმნა. ბჟეზინსკი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული ეს იდეა ნასაზრდოებია ქვეყნის იმპერიული წარსულით.
„რუსეთის იმპერიის რეალური ტერიტორიები“ – რუსული გეოპოლიტიკური სკოლის ( XX ს.) მიერ შექმნილი რუკა
„რუსეთს არ შესწევს ძალა, რომ აღადგინოს იმპერია. ის საკმარისად ძლიერი არ არის, გარდა ამისა, არაერთი ისეთი პრობლემის წინაშე დგას, რომელთა მოგვარებაც ძალიან რთულია. მათ შორისაა ეკონომიკური და მოსალოდნელი დემოგრაფიული კრიზისი. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ის ვერ შეძლებს ისტორიული თუ გეოპოლიტიკური წარსულის დაბრუნებას, ეს უნდა გაიაზროს იქამდე, სანამ უკრაინაში განვითარებული სცენარით სხვა ქვეყნებში არ დაუწყია მოქმედება“.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი
კვირის დასაწყისში უკრაინაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება შეიძლება 2 მილიარდი ევროს ოდენობით გამოიყოს. ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა EURONEWS-ის ცნობით, ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტუსკთან ინტერვიუში ნათქვამია,რომ სოლიდურ თანხას კივს შეერთებული შტატები, კანადა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოუყოფს.
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ევროკავშირი და აშშ შეთანმხდნენ, რომ აუცილებელია სანქციების კოორდინირება, მისი გაზრდა, სერაპატისტების წინააღმდეგ ზომების გაძლიერება და ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკის გაფართოება. დეკემბრის დასაწყისში, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის ევროკომისარმა მიგელ არიას კანიეტემ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარომ შევჩოვმა, რომელიც რუსეთთან გაზის საკითხებზე მოლაპარაკებას კურირებს, განაცხადა რომ საბჭო მხარს დაუჭერს ამერიკიდან ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტს, რაც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადებით, სანქციებმა რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაზე უარი ვერ ათქმევინა, თუმცა სერიოზული ზიანი მიაყენა რუსულ ეკონომიკას. ქერი ვარაუდობს, რომ რუსული ეკონომიკა 2015 წლისთვის მძიმე რეცესიის ფაზაში შევა. სახელმწიფო მდივანმა რუსული მხარე მინსკის შეთანხმების დარღვევაში და უკრაინაში მოქმედი პრორუსი სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.
ევროკავშირი სანქციების გაზრდას რუსული სამხედრო აქტივობის პირდაპირპროპორციულად გეგმავს.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე