სახალხო დამცველი მთავრობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობასთან დაკავშირებით წინადადებით მიმართავს. ომბუდსმენის შეფასებით, მიღებულ უნდა იქნას კანონი მთის შესახებ.
“რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მაღალია უმუშევრობის დონე, მოსახლეობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც გარდა საყოფაცხოვრებო დისკომფორტისა, აფერხებს მცირე ბიზნესის განვითარებას. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო სერვისზე, როგორიცაა სანოტარო მომსახურება. შედეგად, გართულებულია სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია 2009 წლის მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლები. დაბალია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ეს მიზეზები სამწუხაროდ, მაღალმთიანი რაიონებიდან მოსახლეობის მასობრივ მიგრაციას განაპირობებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის ზრუნვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია უნდა იყოს. მისი შეფასებით, სახელმწიფოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მაღალმთიანი რეგიონებისადმი განაპირობებს ერთი მხრივ, რთული გეოგრაფიული მდებარეობა და მეორე მხრივ, მწვავე დემოგრაფიული საკითხები, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების მუდმივი და მთავარი პრობლემაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს მთავრობას სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელი უფლებების დასაცავად, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. სახალხო დამცველის აზრით, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები ე.წ. “მთის კანონის” შემუშავების მიზნით.
30.12.14