2014 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2015 წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე “თბილისი თაიმსს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, „თსუ ანალიზის და პროგნოზირების ცენტრი“-ს დამფუძნებელი ირაკლი დოღონაძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროცესს და მასზე ზემოქმედ რომელ ფაქტორებს გამოყოფდით განსაკუთრებით?
– თუ განვიხილავთ 2014 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებს, ვნახავთ რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიდან, გეგმასთან ჩამორჩენა გვაქვს ვალდებულებების მუხლში, კერძოდ კი, საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლში. 2014 წლის 11 თვეში ბიუჯეტში 613 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალი იქნა მიღებული, რაც წლიური გეგმის 59.21%-ია. ანუ დარჩენილ ერთ თვეში ბიუჯეტში 423 მლნ ლარის მოცულობის საგარეო ვალი უნდა მივიღოთ დაგეგმილი ბიუჯეტის ეს მუხლი რომ შესრულდეს.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობების დანარჩენ მუხლებს, ამ მხრივ ვითარება ბევრად უფრო საიმედოა. შესრულების მაღალი მაჩვენებლებია გადასახადების მუხლში (89.59%), გრანტების მუხლში (135%), არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლებში (შესაბამისად 83.23% და 85.19%).
უნდა აღინიშნოს, რომ სახაზინო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით დეკემბრის თვეში (01.12-29.12) ბიუჯეტში დამატებით 1 172 მლნ ლარის მოცულობის შემოსულობა იქნა მიღებული, საიდანაც 730 მლნ ლარი გადასახადებზე მოდის. აქედან ჩანს, რომ საგადასახადო შემოსავლების მუხლი უკვე შესრულებულია (100.3%-ით). რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებს, ამ მხრივ შესრულების მაჩვენებელი 29 დეკემბრისათვის 98.9%-ს შეადგენს და მთლიანი შესრულებისათვის სჭირდება მხოლოდ 104 მლნ ლარი, რომლის მიღებაც დარჩენილ ორ დღეში სავსებით შესაძლებელია.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებეის ნაწილის შესრულების გარდა მნიშვნელოვანია აგრეთვე გადასახდელების ნაწილის შესრულებაც. განვლილი 11 თვის ჯამური მონაცემებით შრომის ანაზღაურების მუხლი შესრულებულია 89.1%-ით, საქონელის და მომსახურების მუხლი 82.2%-ით, სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 90.5%-ით, ხოლო შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებლებია შემდეგ მუხლებში: არაფინანსური აქტივების ზრდა – 74.9% და საშინაო ვალდებულებების კლება – 62.7%.
დეკემბრის თვის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით კი ამ დროისათვის ბიუჯეტიდან სულ 8 673 მლნ ლარის ოდენობის გადასახდელებია გაწეული, რაც წლიური გეგმის 95.5%-ს შეადგენს. გადასახდელების შესრულების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ერთისმხრივ შემოსულობების უკმარისობით და მეორესმხრივ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ პროექტების ვადებში გაჭიანურებით და საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობით შეგვიძლია ავხსნათ.
რომელ სფეროებზეა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყველაზე მეტად გაზრდილი და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
– თუკი 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს ეკონომიკური ნიშნით დავაჯგუფებთ, ვნახავთ რომ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი (138 მლნ ლარით) და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი (302 მლნ ლარით).
სოციალური უზრუნველყოფის მაღალი ხვედრითი წილი მთლიან ხარჯებში, გამოწვეულია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით. სწორედ ამ მუხლს მიეკუთვნება „საყოველთაო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მკურნალობების დაფინანსება, რომლითაც უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. რაც შეეხება სამთავრობო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდას, ამის გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ერთისმხრივ შტატების გაზრდა საჯარო სამსახურებში, და მეორესმხრივ უკვე არსებული შტატების რაოდენობის უცვლელად სახელფასო განაკვეთებისა და დანამატების გაზრდა. ორივე შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ხარჯების ასეთი ოდენობით ზრდა უამრავ კითხვას აჩენს.
თქვენი შეფასებით, რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტიდან ასეთი ოდენობის თანხების გამოყოფა შრომის ანაზღაურებებზე და არის თუ არა ის პირდაპირპროპორციული იმ საზოგადოებრივი სიკეთის, რაც ამ საჯარო მოხელეების მიერ შეიქმნა?
– ჩემი აზრით, მოცემულ შემთხვევაში საჯარო მოხელეთა ხელფასების თემას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. ისეთი პოზიცია თუ თანამდებობა, რომელიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და კვალიფიკაციას მოითხოვს, ბუნებრივია შრომის მაღალი ანაზღაურებითაც უნდა გამოირჩეოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაციის ფაქტორის გათვალისწინებით, საჯარო სექტორში გვეყოლებიან ძალზედ დაბალკვალიფიციური კადრები (რაც თავისმხრივ კორუფციას წარმოქმნის). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებების ზრდა ცალსახად კარგია. აქ მთავარია ის, რომ არ მოხდეს შტატების ხელოვნურად „გაბერვა“ და ნეპოტიზმის ნიშნით თანამშრომელთა დასაქმება. ამ მხრივ კი (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საბიუჯეტო ხარჯების შემთხვევაში) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი ძალიან დიდია. სწორედ იგი ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების გახარჯვის მიზნობრიობის, ეფექტიანობისა და შესაბამისობის შემოწმებასა და შესწავლას.
თქვენი აზრით, როგორ უნდა გადანაწილებულიყო თანხები პრიორიტეტების მიხედვით და ყველაზე მეტად, რომელი სფერო უნდა დაფინანსებულიყო?
– ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტები მუდმივი არასდროს არ არის და ისინი განვითარების თითოეული ეტაპის შესაბამისად იცვლებიან. საქართველოში განვითარების მოცემული ეტაპისათვის მიმაჩნია რომ N1 პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. სწორედ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა (საწყის ეტაპზე გაორმაგება) უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისათვის. განათლებული ადამიანი შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანია და შესაბამისად დოვლათსაც უფრო მეტს ქმნის. გაზრდილი დოვლათის მოცულობა კი გაზრდილ შემოსავლებს და საერთო კეთილდღეობას ნიშნავს. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინანსებაზე მხოლოდ 771 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, რაც მშპ-ს მხოლოდ 2.9%-ს შეადგენს. ცნობისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი დასავლეთის ქვეყნებში 5-6%-ის ფარგლებშია. ანუ ეს სახელმწიფოები მათ მიერ შექმნილი მთლიანი დოვლათის 5-6%-ს განათლებაზე ხარჯავენ.
როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ფისკალური პოლიტიკა 2015 წელს და როგორია თქვენი პროგნოზები?
– ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ფაქტორები, რომლებიც ჩემი აზრით დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე მომავალი 2015 წლის განმავლობაში. ესენია: აშშ დოლარის გამყარების გამო ქართულ კომერციულ ბანკებში საკრედიტო რისკების ზრდა; ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნა; რუსული რუბლის გაუფასურება; საქართველოში ჩარიცხული ფულადი გზავნილების (განსაკუთრებით რუსეთიდან) შემცირება;
ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნას თუკი მოჰყვება საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ადეკვატური კლება (რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდამდე არ შეინიშნება), მაშინ ტრანსპორტირების ხარჯების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბენზინის ფასების შემცირება თავისმხრივ შეამცირებს ადგილობრივ პროდუქციათა ფასებსაც საქართველოში, რაც დეფლაციურ პროცესებს მისცემს სათავეს. დეფლაცია კი ავტომატურად შეამცირებს დასაბეგრ არეალს ქვეყანაში და შესაბამისად მოიკლებს საგადასახადო შემოსავლებიც ბიუჯეტში.
გარდა ნავთობის ფასებისა, მნიშვნელოვანია რუსული რუბლის გავლენაც. თუკი რუბლის გაუფასურების პროცესი შენარჩუნდა ან/და უფრო მეტხანს გაგრძელდა, მაშინ რუბლის გაუფასურების გამო დოლარებში გამოხატული ჩვენი თანამემამულეების მიერ გამოგზავნილი მათი ფიქსირებული დანაზოგების ოდენობა მოიკლებს და ამის შედეგად უფრო ნაკლები დოლარი შემოედინება ქვეყანაში, რაც ერთისმხრივ დაასუსტებს ლარის სავალუტო პოზიციებს და მას გაუფასურებისკენ უბიძგებს და მეორეს მხრივ შეამცირებს ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების შემოსავლებს (ლარებში გადაცვლის შემდეგ), რაც კიდევ უფრო გააუარესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
31.12.14
ნათია კეკენაძე