2014 წლის აპრილში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენციას და აღმოფხვრას მონოპოლია ბაზარზე. საინტერესოა თუ რამდენად არის დღეს ქართული ბაზარი მონოპოლიზირებული, ახერხებს თუ არა სააგენტო დაკისრებული ამოცანების შესრულებას და როგორ უნდა მოიქცნენ დაზარალებული პირები ბაზარზე მონოპოლიისა და თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში, ამ და სხვა საჭირო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძე ესაუბრა.
რა მიზნით შეიქმნა კონკურენციის სააგენტო და რა ხერხებით შეეცდება ის ამ მიზნების მიღწევას?
– ქვეყანაში სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია კონკურენციის ხელშეწყობა, განვითარება და დაცვა. თუმცა, იმისთვის, რომ კონკურენცია ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს, აუცილებელია ის მიმდინარეობდეს კეთილსინდისიერად. ქვეყანაში კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 14 აპრილიდან დაფუძნებულ იქნა – განსაკუთრებული სტატუსის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწორედ კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებებისა და ქმედებების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. რაც შეხება კითხვის მეორე ნაწილს, ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი ურთულესი პროცესია, რომელიც მოითხოვს მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების კადრებს. სააგენტოს ჩამოყალიბებისთანავე, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, სააგენტოში დასაქმებული კადრები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მონაწილეობენ სხვადასხვა სახის სემინარებსა და ტრეინინგებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი არის იმის წინაპირობა, რომ კონკურენციის სააგენტომ სრულყოფილად და მაღალპროფესიულ დონეზე აღასრულოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ამოცანები.
რა პუნქტები არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს კონკურენციის სააგენტომ? რა უფლება და მოვალეობები აქვს ამ სააგენტოს?
– ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი არის ის ჩარჩო ნორმა რომელმაც მოიცვა ყველა ის მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ზოგადად კონკურენციის პოლიტიკა და რომლის თითოეული პუნქტი სახელმძღვანელო დოკუმენტია კონკურენციის სააგენტოსთვის. ამასთან, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, ასევე გაწერილია სსიპ კონკურენციის სააგენტოს დებულებაში (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის #288 დადგენილება).
რამდენად არის დღეს ქართულ ბაზარზე მონოპოლია? და ყველაზე მეტად რომელ სფეროში იგრძნობა მონოპოლიის არსებობა?
– საქართველოს მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტები რამდენიმეა და კონკრეტულად რომელ სასაქონლო ბაზრებზე, ამის გაცხადება შესაბამისი კვლევების გარეშე არასერიოზულია. ერთადერთი სფერო, სადაც უფრო მარტივად შეიძლება ვისაუბროთ მონოპოლიების არსებობაზე, ესაა ბუნებრივი მონოპოლიების სეგმენტი. სხვა სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის სუბიექტების დასადგენად მხედველობაშია მისაღები საქონელთა ურთიერთშენაცვლებადობის საკითხი და მისგან გამომდინარე უნდა მოხდეს იმის დადგენა ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში ჰყავს თუ არა შესაბამის ეკონომიკურ აგენტს კონკურენტი. ისე, გამომდინარე იქიდან, რომ მონოპოლია ნიშნავს ერთადერთს, როდესაც ვსაუბრობთ ქართული ბაზრების მონოპოლიზაციაზე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, თუ რამდენად მაღალკონცენტრირებულია შესაბამისი ბაზარი, და რამდენად ბოროტად იყენებ (ენ)ს ბაზრის დომინატი კომპანია (კომპანიები) მის ძალაუფლებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, კონკრეტული კვლევის (შესაბამისი სასაქონლო ბაზრის ანალიზის/მონიტორინგის) გარეშე ამ თემაზე საუბარი პოპულისტური და საფუძველს (მტკიცებულებას) მოკლებულია.
როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საჩივრის შემოტანა სააგენტოში მონოპოლიისა თუ კონკურენციის შეზღუდვის შესახებ? და რა ვადაშია შესაძლებელი მათი საჩივრებისდაკმაყოფილება?
– ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებადობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები“-ს თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შემოიტანოს განცხადება. ამასთან, ეკონომიკურ აგენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენცის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიადგა (ადგება) ქონებრივი ზიანი, შეუძლია საჩივრით მიმართოს სააგენტოს. თავის მხრივ, კონკურენციის სააგენტო ვალდებულია შემოსული განცხადების/საჩივრის დასაშვებადობაზე გადაწყვეტილება მიიღოს 30 დღის ვადაში, რომელიც საქმის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 დღით. რაც შეეხება განცხადებაში/საჩივარში დასმულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, კონკურენციის სააგენტო ამას ახორციელებს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და შესაბამის წესში (,,საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა“) გაწერილი პროცედურით, დადგენილ ვადაში. კერძოდ, საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს 3 თვის ვადაში. ამასთან, საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 თვით. ეს ვადები შესაძლებელია საზოგადოებას დიდი მოეჩვენოს, თუმცა, მოწინავე პრატიკის ქვეყნებში ეს ვადები ბევრად მეტია. უფრო მეტიც, მაგალითად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოკვლევის ვადა საერთოდ არაა შეზღუდული და დარღვევაზე მხოლოდ საერთო ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. საზოგადოებას, რომ მართებული წარმოდგენა შეექმნას მოკვლევის სპეციფიკასთან დაკავშირებით თანმიმდევრობით წარმოგიდგენთ კანონის იმ იმპერატიულ მოთხოვნებს, რომლის მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან და რომლის შესრულებაც სავალდებულოა კონკურენციის სააგენტოს მიერ.
დღეისათვის რა სახის სარჩელებია შეტანილი კონკურენციის სააგენტოში და თუ არის შესაძლებელი ამ საჩივრების დაკმაყოფილება?
– კონკურენციის სააგენტო, საკუთარი ინციატივით, შემოსული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე ამ ეტაპისთვის ახორციელებს 5 საქმის მოკვლევას. კერძოდ:
1. შპს ,,ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“-ს განცხადების საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის #30 ბრძანება) მიმდინარეობს საქმის მოკვლევა – ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე;
2. ს/ს ,,ჯანმრთელობა“-ს განცხადების საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის #26 ბრძანება) მიმდინარეობს საქმის მოკვლევა – წყალტუბოში თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე;
3. შპს ,,ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს საჩივარის საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 24 დეკემბრის #29 ბრძანება) მიმდინარეობს საქმის მოკვლევა – შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე;
4. საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,გლობალაგრო“-ს განცხადების საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის #27 ბრძანება) მიმდინარეობს საქმის მოკვლევა – ფქვილის ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე;
5. საკუთარი ინციატივის საფუძველზე (2014 წლის 12 ნოემბრიდან) მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა ამ ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შეფასებისა და შესაძლო ანტიკონკურენციული ქმედებების გამოვლენის მიზნით;
საკუთარი ინციატივის საფუძველზე (2014 წლის 12 ნოემბრიდან) მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა ამ ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შეფასებისა და შესაძლო ანტიკონკურენციული ქმედებების გამოვლენის მიზნით;
გარდა ამისა, 2014 წლის 26 დეკემბერს შემოვიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტის განცხადება ,,ავტოგაზის“ ფასების მომატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული განცხადების დასაშვებადობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
როგორც ცნობილია კონკურენციის სააგენტომ უკვე დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო, საქართველოში კი თითქმის იგივე ფასი შენარჩუნდა,რას შეიძლება დავუკავშიროთ ეს ფაქტი?
– საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, სსიპ კონკურენციის სააგენტო დაჩქარებული ტემპით სწავლობს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნავთი) ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს და მუდმივად აწვდის პრემიერ-მინისტრს შესაბამის ინფორმაციას. შესწავლილია უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ნავთობპროდუქტების ბაზარზე რეაგირების ფაქტები. სამთავრობო და ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებულია და დამუშავებული მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ამ ბაზრისა და მასში მონაწილე სუბიექტებზე გარკვეული იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. გამოთხოვილია და მიღებულია ნაწილი მეწარმე სუბიექტებისაგან ინფორმაცია, მიმდინარეობს მათი დამუშავება. მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ექსპერტებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, ნავთობპროდუქტების ასოციაციის წარმომადგენლებთან და მის წევრებთან. მიღწეულ იქნა შეთანხმება იმაზე, რომ საკითხის შესწავლის პროცესში მათი მხრიდან არ ექნება ადგილი ხელშეშლას და ისინი ითანამშრომლებენ სააგენტოსთან მოკვლევის პროცესში. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში, ყველა სტადიაზე მეთოდოლოგიურად ამუშავებს და აფასებს ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც უკავშირდება ამ ბაზარის სუბიექტთა ქცევას და ბაზარზე არსებულ ფასწარმოქმნის საკითხებს. შესაბამისად, სააგენტო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა მოკვლევის პროცესის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უპასუხებს კომპეტენტურობისა და ობიექტურობის მაღალ სტანდარტებს, რაც შედის როგორც საზოგადოების, ასევე ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ინტერესებში. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მოკვლევის შუა ეტაპზე, რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნება მოკვლევის სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით დააზიანებს მოკვლევის ინტერესებს და უარყოფითად აისახება მის საბოლოო შედეგზე.
კონკურენციის სააგენტომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება შეისწავლოს ყავის ბაზარი, რა ვითრებაა ამჟამად ყავის ბაზარზე, რამდენად არის მონოპოლიზებული ეს სეგმენტი?
– 2014 წლის ნოემბრიდან სააგენტომ დაიწყო ყავის ბაზრის მონიტორინგი, საკუთარი ინიციატივით. ბაზრის შესწავლა მიმდინარეობს სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ,,ბაზრის კვლევის მეთოდური მითითებებით“ დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ, დგინდება ბაზრის სტრუქტურა და მასზე არსებული მდგომარეობა, რაც თავის თავში გულისხმობს
- პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზრის იდენტიფიცირებას
- ამ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას
- და ბაზარზე არსებული კონცენტრაციის დონისა და სხვა მაჩვენებლების შეფასებას.
ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურიდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა ის, რომ ზოგადად ყავის ბაზარზე მოქმედებს ათეულობით კომპანია, რომელთაგან 10%-ზე მეტი წილი პრაქტიკულად არც ერთ კომპანიას არ გააჩნია. სააგენტო აგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და საბოლოო დასკვნას ყავის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შესახებ უახლოეს პერიოდში დაასრულებს.
მომავალ გეგმებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში ვაპირებთ ბოლომდე მივიყვანოთ და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დავასრულოთ ყველა დაწყებული საქმის მოკვლევა. ამასთან, როგორც ამ ეტაპზე, ისე სამომავლოდაც, კონკურენცის სააგენტოს საქმიანობა იქნება მიმართული იმ მიზნებისა და ამოცანების აღსასრულებლად რაც ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითაა მასზე დელეგირებული.
შესაბამისად, სააგენტოს უპირატესი ამოცანა იქნება ხელი შეუწყოს ქვეყენაში ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობას და კონკურენციას. კერძოდ: არ დაუშვას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები; უზრუნველყოს ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობები; არ დაუშვას ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა; დაიცვას ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი; არ დაუშვას დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; არ დაუშვას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას.
ამ მიზნების მისაღწევად სააგენტომ უნდა გააგძელოს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება და არსებული კადრების გადამზადების კუთხით გააღმავოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაცებთან და განვითარებული ქვეყნების კონკურენციის ინსტიტუტებთან. რაც შეეხება უშუალოდ პუნქტობრივად გაწერილ სამოქმედო გეგმას, ეს მოცემულია სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 ივლისის 16/07-1 ბრძანებით დამკიცებულ პროგრამაში. თუმცა, ამ ეტაპზე, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ, რომელი სფეროების შესწავლას აპირებს სააგენტო სამომავლოდ არ იქნება სწორი, რადგანაც სააგენტო ვალდებულია არ წინასწარ დეკლარილებული სფეროების შეისწავლოს, არამედ მთელი მისი რესურსი მიმართოს იმ პრობლემატიური საკითხების (სფეროების) დასარეგულირებლად (შესასწავალად), სადაც იზღუდება კონკურენცია და თავისუფალი ვაჭრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტო სამომავლოდ შეისწავლის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა იმ სფეროს სადაც ადგილი ექნება საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას.
09.01.15
ნინა პირტახია