საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ მკითხველს ინტენსიურად სთავაზობს გამოკითხვას ამა თუ, იმ საინტერესო საკითხზე. გამოკითხვა მიზნად ისახავს მოსახლეობის აზრის გაგებას სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე.
კითხვაზე თუ „რომელი სუპერმარკეტით სარგებლობთ“? ჩამონათვალში სასურველ ვარიანტებად იყო წარმოდგენილი: „კარფური“, „ნუგეში“, „გუდვილი, „ნიკორა“, „ფურშეტი“, „ფრესკო“, „სმარტი“, „ფუდმარტი“ და „ორი ნაბიჯი“. სულ გამოიკითხა 308 ადამიანი.
გამოკითხვაში წამყვან პოზიციას სუპერმარკეტი „კარფური“ იკავებს 25%-ით (76 ხმა). კარფური მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალოდ მოვაჭრე კომპანიაა საფრანგეთიდან. კარფურის ჯგუფში გაწევრიანებულია “მაფ კარფურის” ჰიპერმარკეტების ქსელი, რომელიც შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ფუნქციონირებს. იგი ჩვენს ბაზარზე სულ ახლახანს შემოვიდა, მაგრამ როგორც ხედავთ მალევე დაიმსახურა მოსახლეობის ნდობა.
მეორე პოზიციას „ნუგეში“ იკავებს 16%-ით (48 ხმა). ნუგეშიც „კარფურის“ მსგავსად ბაზარზე დაბალი ფასებით შემოვიდა. „როგორც მისი დამაარსებლები აცხადებენ: „ნუგეში არის საცალო ვაჭრობის ქსელი, რომელიც გათვლილია ნებისმიერი საშემოსავლო ჯგუფის მომხმარებელზე. თუმცა, როგორც ვხედავთ მას „კარფურმა“ გაასწრო ხმების რაოდენობით ჩვენს რეიტინგში.
მესამე ადგილზე სუპერმარკეტი „გუდვილია“ 14% ( 44 ხმა). ის 2004 წელს დაფუძნდა. გუდვილიც ქართულ საცალო ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. იგი არამხოლოდ სავაჭრო, არამედ მწარმოებელი კომპანიაც არის. ის დღეს საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 6 სუპერმარკეტს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს.
მეოთხე პოზიციაზე „ნიკორაა“ 13%-ით (39 ხმა). სააქციო საზოგადეობა „ნიკორა“ 1998 წელს დაფუძნდა ქართული კაპიტალით და 15 წელია რაც არსებობს ქართულ ბაზარზე.”ნიკორა” ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით – 108 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. თუმცა, სხვა სუპერმარკეტებმა, მას ხმების არც თუ ისე მცირე რაოდენობით გაუსწრეს.
მეხუთე ადგილზე კი სუპერმარკეტი „ფურშეტი“ გავიდა 8%-ით ( 26 ხმა). „ფურშეტი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც 100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს უკრაინაში, მათ შორის 7 სუპერმარკეტ-რესტორანს, 10 მაღაზიას მოლდოვაში, ახალ წელს კი 7 მაღაზიით შეხვდა საქართველოში. ფურშეტიც სულ 2 წელია, რაც შემოვიდა ქართულ ბაზარზე, თუმცა საკმაო რაოდენობის მომხმარებლის დაინტერესება მოახერხა.
დანარჩენ პოზიციებს თითქმის თანამრად ინაწილებენ სუპერმარკეტები: “ფრესკო“ 7%-ით (23 ხმა), „სმარტი“ 6%-ით (19 ხმა), „ფუდმარტი“ 6%-ით (19 ხმა ) და „ორი ნაბიჯი“ 5%-ით (14 ხმა).
როგორც ვხედავთ, საქართველოში ბევრი სუპერმარკეტია და მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს თუ, რომელი მათგანის მომსახურებით ისარგებლებს. სუპერმარკეტები კი თავისი პროდუქციის ხარისხით, მომსახურებით, დაბალი ფასებით და სხვა სიახლეებით იზიდავენ მყიდველს. როგორც გამოკითხვიდან გაირკვა, თითოეულ მათგანს საკუთარი მომხმარებელი ჰყავს და არც თუ ისე მცირე რაოდენობით.
17.01.15
ანო მიქათარიძე