ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან “ახალი შენიშვნა” აქვს.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, მარგველაშვილი ზედმეტად წევს მისი როლის თამასას.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე არ მაქვს და არც უნდა მქონდეს მოსაზრება. პრინციპულად არ ვერევი ამ პროცესში. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა დაასახელოს. ზედმეტად წევს თამასას პრეზიდენტი ისევ. შემიძლია ახალი შენიშვნა მივცე, რომ მიეჩვია და დააფუძნა ტერმინი “ქვეყნის პირველი პირი”. საზოგადოებაც, მთელი მედია ამას იმეორებს. ეს შინაარსში უნდა გადაიტანოს. ფორმალურად მართლა ასე იწოდება – სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ კონსტიტუციით, მას რეალურად აღარ აქვს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მქონე პრეზიდენტის უფლებები, თუმცა ცდილობს შინაარსში გადაიყვანოს ეს და ძალიან მაღლა წევს თემებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი თემა, რომელიც მარგველაშვილმა “მაღლა ასწია” მოსმენების საკითხს შეეხებოდა. “მოსმენების თემა მახსოვს – მოახერხა და ახალ გაუგებრობაში შევიდა ამ პროცესში. აქაც შემიძლია გავაკრიტიკო”, – აღნიშნა მან.
29.01.15