მთელი მთავრობა მობილიზებულია, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ღირსეულად ჩავატაროთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ოლიმპიადის სამზადისის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, რათა მაისის ბოლოს ყველა ობიექტი იყოს დასრულებული.
“ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და მთელი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ ის ღირსეულად ჩავატაროთ. შენდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელსაც შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები გამოიყენებენ. დიღომში იქმნება პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელსაც პირობითად დავარქვით “ახალი თბილისი”. სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, იმისთვის, რომ მაისის ბოლოს ყველა ობიექტი იყოს დასრულებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, “თბილისი 2015”-ისთვის განკუთვნილი მშენებარე ობიექტები – ოლიმპიური სოფელი, “ახალი თბილისი”, ახალი სპორტის სასახლე დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ობიექტების დასრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. პრემიერმა მიიღო პირობა, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა მაისში დასრულდება.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს. საქართველოს 4000-მდე სპორტსმენი და 7000-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი ეწვევა.