საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელდა. ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ცნობილი გახდა, რომ 11 საზოგადოებრივი ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფმა დამასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. ვერთვები ამ პროცესში. თუ პრეზიდენტის მხრიდან იქნება ნომინირებული და პარლამენტიც მხარს დაუჭერს, მზად ვარ, დავტოვო პარტია “ქართული ოცნებაც”. 11-ვე საინიციატივო ჯგუფს მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი დასახელებისთვის”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, ქუცნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური ნიშნით ხალხს არ დაყოფს.
ქუცნაშვილის განმრატებით, მისი კანდიდატურა დაასახელეს საინიციატივო ჯგუფებმა, კანდიდატურის განხილვა უმრავლესობის ფორმატში არ მომხდარა, ამაზე არც ფრაქციაში ყოფილა საუბარი.
“მე უახლოეს მომავალში ვაპირებ ამ ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ასევე მოვიწვევ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მათ გავაცნობ ჩემეულ ხედვას აღნიშნულ თანამდებობის შესახებ. ძალიან ბევრი იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო კანდიდატის შერჩევა, თუმცა არ თქმულა, თუ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ადამიანმა ამ თანამდებობაზე”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება უკვე დასახელებულ კანდიდატებს, ქუცნაშვილი ამბობს მათგან ძალიან ბევრი არის ღირსეული.
“პრეზიდენტი ვალდებულია, რომ ერთი კანდიდატი წარმოუდგინოს პარლამენტს. დასახელებულ კანდიდატებს შორის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ ნათია წკეპლაძეს, ევა გოცირიძეს, ასევე ძალიან კარგი კანდიდატურაა შალვა შავგულიძე, თინა ხიდაშელი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე აქვთ.