ქვეყანაში საწვავზე არსებულ ფასებზე, გაზაფხულზე მის შესაძლო ცვლილებებზე, საწვავის ხარისხის კონტროლზე, საქართველოში იმპორტირებული ნავთობ-პროდუქტების არსებულ სტანდარტებზე „თბილისი თაიმსს“ ნავთობ -პროდუქტების იმპორტოირთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ესაუბრა.
რომელი კომპანიებიდან შემოდის საქართველოში ნავთობ-პროდუქტები და რის მიხედვით შეირჩა პარტნიორი ქვეყნები?
– საქართველოში ნავთობ-პროდუქტების იმპორტი ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან: რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, რუსეთი. მათ შორის დღეავანდელი ეტაპისთვის ძირითადი მომწოდებლები არიან: რუმინეთი (ყველაზე დიდი მომწოდებელი), შემდეგ აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი. ნავთობ-პრდუქტების იმპორტის დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე კომპონენტი, ეს არის- გეოგრაფიული მდებარეობა, ანუ რაც უფრო ნაკლებია მანძილი, მით უფრო მალე და მცირე დანახარჯით შემოდის პროდუქტი ქვეყანაში. მეორე კომპონენტი ეს არის -ექსპორტიორი ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური მომწოდებელი. აზებაიჯანი, საბერძნეთი, თურქმენეთი – ჩვენი ქვეყნის ტრადიციული სავაჭრო პარტნიორები არიან, რომლებიც საქართველოს სტაბილურად აწვდიან ნავთობ-პროდუქტებს.
თუ ხდება ქართულ ბაზარზე შემოტანილი ნავთობ-პროდუქტების ხარისხის კონტროლი?
– უშვალოდ სახელმწიფოს მხრიდან, სავალდებულო კონტროლი ნავთობ -პროდუქტებზე არ არსებობს. მაგრამ, ხარისხს თვითონ კერძო კომპანიები ამოწმებენ.
რა ძირითად პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საწვავის ხარისხი და შეესაბამება თუ არა ის ევროპულ სტანდარტებს?
– საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ძირითადი მოთხოვნა ეს არის ოქტანური რიცხვი (RON) , ანუ ძირითადი ფიზიკური მახასიათებელი ნავთობ-პროდუქტების. ბენზინის შემთხვევაში, რეგულარის არის 91 ოქტანი, პრემიუმის- 95 ოქტანი ხოლო სუპერის- 98 ოქტანი. გარდა ამისა, მთვარობის დადგენილებაში წერია, რომ ნავთობ-პროდუქტების შემადგენლობა გარემოსდაცვის შესაბამის დადგენილ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მოთხოვნაში იგულისხმევა: საწვავში გოგირდის შემადგენლობა, ტყვიის შემადგენლობა, არომატული ნახშირწყლების შემცველობა, ბენზოლის შემცველობა – ბენზინის შემთხვევაში. რაც შეეხება საქართველოში საწვავის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ „პრემიუმი“ და „ სუპერი“ – ეს არის „ევრო-4“ , „ევრო-5“ სტანდარტის. რეგულარის ტიპის საწვავს რაც შეეხება, ეს არის „ევრო-2“, „ევრო-3“ სტანდარტის.
რამდენად კონკურენტუნარიანია ნავთობ-პროდუქტების ქართული ბაზარი?
– დღეს, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს ხუთი ცნობილი ბრენდი-კომპანია (სოკარი, ვისოლი, ლუკოილი, გალფი, რომპეტროლი), რომელთა ხვედრითი წილი საცალო გაყიდვებში 15% დან 22-23 %-ის ფარგლებში მერყეობს. გარდა ამისა არის სეგმენტი არაბრენდირებული გასამართ სადგურებისა, რომელთაც ბაზარზე თავისი წილი აქვთ. აქედან გამომდინარე, ბაზარზე ბევრი კომპანია ოპერირებს და მათი რაოდენობა კიდევ იზრდება რაც ბაზრის კონკურენტუნარიანობის მანიშნებელია. თუკი ფასებს გადავხედავთ კომპანიები საწვავზე განსხვავებულ ფასს აწესებენ, რაც ბაზრის კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი კრიტერიუმია. მაგალითად, რეგულარის ტიპის საწვავი, ლუკოილის ქსელში ყველზე იაფი- 1,59 ლარია, ზოგან კი იგივე საწვავზე ფასი – 1,62, 1,65 ლარია. არაბრენდულ ბენზინგასამართსადგურებში იგივე კატეგორიის საწვავი შეიძლება შეიძინოთ- 1,35 ლარშიც, 1,40, 1,45 ლარში . უნდა აღინიშნოს, რომ საწვავზე ფასების სხვაობა არ განისაზღვრება საწვავის ხარისხით – ეს არის მარკეტინგული სვლა კომპანიების მხრიდან.
აქვს თუ არა ფიზუკურ პირს საწვავი შემოიტანოს საზღვარგარეთიდან და თუ კი რა რაოდენობით?
– ფიზიკურ პირებს საწვავის იმპორტის უფლება არ აქვთ, რადგან ეს პროცესი რეგულირებადია. კანონით ფიზიკურ პირს 20 ლიტრ საწვავზე მეტის შემოტანა არ შეუძლია. მაგრამ, რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ამის სრული თავისუფლება აქვთ. მათზე რეგულაციები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.
თქვენი პროგნოზები როგორია-გაზაფხულზე საწვავზე ფასების კლება თუ შენარჩუნდება?
მინდა გითხრათ, რომ საწვავზე ფასები, მთლიანობაში, ამ ბოლო პერიოდში მცირდება. აგვისტოს თვის შემდგომ, საწვავზე ფასმა, საშუალოდ 0,55 ლარით დაიკლო. ქეყანაში, დოლართან მიმართებაში ლარი, რომ არ გაუფასურებულიყო საწვავის ფასი ახლა კიდევ დამატებით 0,35-0,40 ლარით ნაკლები იქნებოდა. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს საწვავის ფასთან მიმართებაში, ეს დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირაა საწვავზე ფასები მატულობს.
თამარ გვირჯიშვილი