ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ ხელშეკრულების გაფორმებას საქართველო აქტიურ დიპლომატიურ მოქმედებებს დაუპირისპირებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თამარ ბერუჩაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც რუსეთის მიერ გაფორმებული სხვა ხელშეკრულებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის არალეგიტიმური და მას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიციულად აღიარებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
“ჩვენ ამ ხელშეკრულებას ვუპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ მოქმედებებს საერთაშორისო ფორმატებში. ჩვენი ტრადიციული იარაღი არის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მობილიზება ამ თემაზე. ეს რეგულარულად არის ჩვენს დღის წესრიგში, შესაბამისად, არაღიარების პოლიტიკა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თანამშრომლობის საშუალებების შექმნა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ჩვენი საშუალება”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მეორე ხელშეკრულება მომზადების პროცესშია, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და საქართველოს რეაქცია ამ ყველაფერზე იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური კონსოლიდაცია.
“ეს არის რუსეთის მხრიდან საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი დარღვევა, კიდევ ერთი დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ადეკვატური რეაქცია უნდა დაუპირისპიროს”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.