15 თებერვალს მინსკში 16 საათიანი მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. აშშ-ს წარმომადგებლებმა შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართეს, სადაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, სიტუაცია მაინც არასტაბილურია. კანცლერი გამოეხმაურა ქალაქ დებალცოვში არსებულ დაძაბულ სიტუაციას.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ აშშ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს იმ პროცესებში, რომელიც დღეს ევროპაში არსებობს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ, თებერვლის დასაწყისში ბარაკ ობამამ გააკეთა, სადაც ის ამბობს რომ: „უკრაინაში არსებული სიტუაცია აზარალებს ევროპას და ნახევარ მსოფლიოს, ამის მიუხედავად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება საჭირო აშშ-ს მხრიდან სამხედრო ჩარევა ამ პროცესებში. ევროპამ ეს პრობლემა ჩვენ გარეშე უნდა მოაგვაროს და დარწმუნებული ვარ, ის ამას შეძლებს“. თეთრი სახლის ინფორმაციით, დღეს აშშ-ს ყურადღება მაქსიმალურად მიპყრობილია ე.წ ისლამური სახელმწიფოსკენ. დასავლელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმ პროცესებით რაც დღეს უკრაინაში ხდება, რუსეთი ცდილობს აშშ-ს გამოწვევას, მას ევროპის არ ეშინია და სურს მწვავე დიპლომატიურ ომში ჩაითრიოს აშშ. თუმცა ამ უკანასკნელს ჯერჯერობით სხვა გეგმები აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ქვეყნის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის უდანაშაულო ხალხის დაცვა აღმოსავლეთში. ის ამბობს,რომ აშშ დღეს ისე, როგორც არასდროს დაიწყებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ექსტრემიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ ამერიკა ებრძვის ტერორისტებს და არა ისლამს, რელიგიას რომელსაც თავად ტერორისტები ამახინჯებენ. ობამას განცხადებიდანვე გახდა ცნობილი, რომ პენტაგონი ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად 1200 სირიელი მებრძოლის გაწვრთნას დაიწყებს.
„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში ისლამთან, ჩვენ ვართ ომში ადამიანებთან,რომლებიც ისლამს ამახინჯებენ. არავინ შეიძლება გახდეს ეჭვმიტანილი მხოლოდ მისი რელიგიის გამო. ტერორისტებს არ უნდა მივანიჭოთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ისინი ეძებენ. დაუშვებელია რელიგიისადმი კუთვნილება ადამიანზე მეთვალყურეობის საბაბი გახდეს და მუსლიმ ამერიკელებთან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სამართალდამცველების საქმიანობასთან იყოს გაიგივებული“, – ნათქვამია ობამას განცხადებაში.
დასავლური გამოცემები წერენ, რომ აშშ-ს გამოწვევა და მისი ჩაბმა ამ ომში ძალიან რთული იქნება. აშშ საკმარისად ძლიერია რუსეთზე, რომელიც იზოლირებულია ევროპის მიერ, ის ვერ შეძლებს პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე ისედაც დაძაბული ურთიერთობის გამწვავებას. ამ ყველაფრის პარალელურად რუსული საინფორმაციო სააგენტოებში წერენ, რომ ამერიკა და რუსეთი ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დგანან. მათი აზრით, ამ პროცესს ამწვავებს რუსეთის საზღვრებთან მიახლოებული ნატოს ჯარები. რუსი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ ნეკონოვი წერს, რომ ამერიკას არ სურს რუსეთის ძლევამოსილების აღიარება, ამის საილუსტრაციოდ იგი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. მისი აზრით, ეს ამერიკისთვის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.
„ნატო ყოველდღე უფრო და უფრო უახლოდვება რუსეთის საზღვრებს და ეს ფაქტი დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს. ამერიკას რუსეთთან პირდაპირი ომის გამოცხადების ეშინია. ამას ის უკრაინის მეშვეობით აკეთებს“ – წერს ნეკონოვი.
ამერიკული კომპანიის Gallup-ის აზრით, თუ ოფიციალურ ვაშინგტონს არ აშინებს რუსეთი და მისი პროვოკაციული განცხადებები, მოსახლეობაში იგივე აზრი არ შეინიშნება. ამერიკელები რუსეთს შეერთებული შტატების ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. 2 წლის წინ, ამერიკელების მხოლოდ 2 %-მა დაასახელა რუსეთი საფრთხედ, თუმცა როგორც კომპანია Gallup-ის კვლევები გვიჩვენებს რუსეთ-ამერიკას შორის დაძაბულობის გაზრდის პარალელურად მაჩვენებელი 2014 წელს 7 %-ით გაიზარდა, წელს კი 18%-ს მიაღწია. კვლევის თანახმად, რუსეთს მოჰყვება ჩრდილოეთ კორეა 15%-ით, ხოლო ჩინეთისა და ერაყის საფრთხედ აღქმა გასულ წლებთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული. გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის რუსეთის სამხედრო ძალას კრიტიკული საფრთხე გააჩნია. ქვეყნის 70% რუსეთის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, 3 წლის წინ კი შედარებით უფრო პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ.
ობამამ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გამწვავებასთან ერთად განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერდა უკრაინელ ხალხს და დაგმობდა რუსეთის საქციელს:
„რუსეთი არ არის ძლიერი და ამას ის ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს, იგი საერთაშორის კანონმდებლობას არღვევს და არ სცემს პატივს მეზობლებს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს და ყოველთვის გავაგრძელებთ დიპლომატურ ძალისხმევას. ჩვენს ინტერესებშია ის, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი ევროპასთან ერთად“. პრეზიდენტი ინდოეთში ვიზიტის დროსაც გამოეხმაურა ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლების განახლებას, განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ საერთოდ არ ვართ დაინტერესებული რუსეთის დასუსტებასა და მისი ეკონომიკის დანგრევაში. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და ყოველგვარი სამხედრო კონფრონტაციის გარდა ყველა ხელმისაწვდომი და დამატებითი ბერკეტი გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ“. აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველდღიურად აკეთებენ განცხადებებს, ერთ-ერთი ასეთი განცხადება სენატორმა დიკ დუბრინმა გააკეთა. მან ჩიკაგოში უკრაინის კულტურულ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი აშშ-ს გამოცდას უწყობს და ცდილობს მისი სიმტკიცის გატეხვას.
ამ განცხადებების მიუხედავად, რუსეთი მზადყოფნას აცხადებს , რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი ნარიშკინი კი აცხადებს – „იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის, მინსკის ხელშეკრულება ძალას დაკარგავს და შეიცვლება დიპლომატიური პოლიტიკა არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ აშშ-სთანაც.” 17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთი აგრესორ ქვეყნად მოიხსენიეს და საჯაროდ დაგმეს მისი პოლიტიკა უკრაინაში.
წყარო: cnn.com
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე