სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ 2015 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას.
“რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ, საერთაშორისოდ არაღიარებულ რესპუბლიკას შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერა ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების სტაბილიზაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელიც ე.წ. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს. ზემოხსენებული ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და უხეშად არღვევს მის ტერიტორიულ მთლიანობას. ე.წ. ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს სლოვაკეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში