სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამინისტროში კიევში მოქმედ საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივ გრუზიას” მენეჯერს და მწვრთნელს შეხვდნენ.
„ლოკომოტივ გრუზია” უკრაინულ-ქართული კლუბია. ის ორი წელია, რაც კიევში ფუნქციონირებს. ზურაბ ხუბაევი გუნდის მენეჯერი და მწვრთნელია, ბესიკ ნოზაძე კი მწვრთნელი. მინისტრმა სწორედ მათ უმასპინძლა.
იანვრის მიწურულს „ლოკომოტივ გრუზიამ” კიევში, ოლეგ მაკაროვის ტრადიციულ მემორიალზე იასპარეზა, ეს მოვლენა კი ქართული პრესითაც გაშუქდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იმთავითვე დაინტერესდა გუნდით, კლუბში არსებული სიტუაციით და შეხვედრაც სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა.
ლევან ყიფიანმა „ლოკომოტივ გრუზიას” მესვეურებს კლუბისთვის სპორტული და სავარჯიშო ფორმა გადასცა, რის შემდეგაც ლევან ყიფიანი და სტუმრები ჟურნალისტებს შეხვდნენ.
დღესდღეობით „ლოკომოტივ გრუზიაში” 12 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, სამი მათგანი – გიორგი ქობულაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი და ლევან კოშაძე კი წლების წინ საქართველო 17 და 19-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდნენ.