ქართველებმა უნდა გავიაზროთ, რომ მჭიდრო ურთიერთობები აუცილებელია არა მარტო დიდ ქვეყნებთან – ევროკავშირის და ნატოს წამყვან სახელმწიფოებთან, არამედ ისეთ ქვეყნებთან, რომელებსაც მეტი აქვთ საერთო ჩვენთან და აქვთ მეტი ამბიცია იმისა, ჩვენნაირ ქვეყნებს დაეხმარონ, – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხორვატიასა და ბულგარეთში ვიზიტი შეაჯამა.
“ორივე ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს იმ პოტენციალის მიმართ, რომელიც საქართველოს გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში მშვიდობის შენაჩუნებას მოვახერხებთ. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი – რკინიგზა, სახმელეთო, საზღვაო კავშირი, ნავთობსადენები, გაზსადენები ეს არის საქართველოს გავლით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული მხარე იმედით უყურებს ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
“თუ სანქციები მოიხსნა და მიღწეულ იქნა შეთანხმება, მაშინ, ირანის მხრიდან, უნდა ველოდოთ საკმაოდ დიდ გააქტიურებას. ეს ყველაფერი გვინდა ჩვენი ხალხის კეთილდღებისთვის, მეტი სამუშაო ადგილებისთვის ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური სტაბილურობისთვის და ჩვენი უსაფრთხეობის გაძლიერებისთვის, რადგან თითოეული უცხოური ბიზნეს ინტერესი ქვეყანაში არის დამატებითი მოკავშირე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისთვის, ეს არის დამატებითი ძალა ჩვენს ხელში რუსეთთან დიპლომატიური და სხვადასხსვა სახის წინააღმდეგობების გასაწევად, რაც ჩვენი ქვეყნის დაცვას დასჭირდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ახლოვადიან საკითხებზე, რომელიც მაისში დაგეგმილ რიგის სამიტსა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას შეეხება. უსუფაშვილის განცხადებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ტურისტების და არამარტო ტურისტების მიმოსვლა, მნიშვნელოვნად გამარტივდება და გაიზრდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლებას მიიღებენ.
“რაც შეეხება ხორვატიას, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო შესაძლო პროექტებზე, მათ შორის, ტურიზმის სფეროზე, პროფესიული განათლების მისაღებად ქართველი სტუდენდტების ხორვატიაში ჩამოყვანაზე და ხორვატიდან საქართველოში იმ ხალხის ჩამოსვლაზე, რომლებიც საუკუნეებია სხვადასხვა სახის ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებით არიან დაკავებულნი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, მხარეებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.
“შევხვდით ბიზნესმენებს, რომლებიც უკვე არიან დაინტერესებულნი საქართველოში თავინთი პროექტების განხორცილებით ენერგეტიკის სფეროში. ხორვატებს აქვთ სერიოზული გამოცდილობა გზებისა და გვირაბების მშენებლობაში. ეს ქვეყანა გამოირჩევა რთული რელიეფური პირობებით. ამიტომ მათ ბუნებრივად აქვთ ის გამოცდილება, რაც ჩვენს მთიანეთს ძალიან სერიოზულ დახმარებას გაუწევს. ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა ტენდერებში. ასე რომ, რიგის სამიტისთვის და რიგის სამიტამდე შესაძლებელია ბევრი სასიკეთო პროექტი უკვე დაიწყოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს სრულდება.