რელიგიის საკითხთა სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში გრძელდება
რელიგიის სააგენტო ინფორმაციით, 9 მარტს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. ვიზიტი მიზნად ისახავდა სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის სფეროში მეზობელი სახელმწიფოს გამოცდილების გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. ვიზიტის ფარგლებში ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ეჩმიაძინში შეხვდნენ სრულიად სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ფუნქციონირებისა და ახლად შექმნილ რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან მისი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე ვარდან ასცატრიანი, რომელსაც, ასევე, შეხვდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია. შეხვედრაზე აღინიშნა ორ, მონათესავე სტრუქტურას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და საინტერესო ინფორმაციების გაცვლის აუცილებლობა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სომხეთში ქართული სათვისტომოს წევრებს ეწვივნენ. სომხეთში მცხოვრებმა თანამემამულებმა გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებთან უფრი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრაზე გამოითქვა ერევანში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აშენების სურვილი. ვიზიტი გრძელდება.
Discussion about this post