ლარის კურსის ვარდნამ და ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ დიდი გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზეც. ”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც-გამოკითხვა სწორედ ამ ბაზარს ეხება.
ჩვენ დავინტერესდით რა ტენდენციები შეინიშნება უძრავი ქონების ბაზარზე, შემცირდა თუ არა ფასები, უცხოელი მომხმარებლები თუ აკითხავენ უძრავი ქონების სააგენტოებს, რომელი უბნებია მოთხოვნადი და რას ვარაუდობენ მაკლერები, გაიზრდება თუ პირიქით შემცირდება ფასები უძრავი ქონების ბაზარზე.
გამოკითხული კომპანიები აცხადებენ, რომ უცხოელი მომხმარებლები თითქმის აღარ აკითხავენ მათ სააგენტოებს, ფასები კი შემცირდა, მათივე პროგნოზით გაზააფხულზე ფასების კლება კვლავ გარძელდება.
გთავაზობთ ბლიც გამოკითხვის შედეგებს:
უძრავი ქონების სააგენტო ”კიბე”: ”გასული წელს უძრავი ქონების ბაზარი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ტენდენციით შემცირებისაკენ, განსაკუთრებით წლის ბოლოს, რაც ძირითადად გამოიწვია სავალუტო კურსის რყევამ. ასევე იკლო დამქირავებლების რაოდენობამ, განსაკუთრებით უცხოელი დამქირავებლები, რაც ალბათ გამოწვეულია ინვესტიციების შემცირებით. რაც შეეხება ფასებს: შეინიშნება ტენდეცია ქირის ფასების კლებისაკენ. მაგრამ ბინებზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.მეორადმა ბინებმა ამოწურა თავისი ვადა, განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. „ხრუშოვკებს“ და ქალაქურ პროექტებს. გარდა ამისა ძველ ბინებში არ არის მოწესრიგებული სადარბაზო, გარე ფასადი, საშინელ მდგომარეობაშია ლიფტები. ამიტომ ირჩევენ ახალ ბინებს. ფასები მშენებარე და მეორად ბინებზე უბნების მიხედვით არის სვადასხვა, ფასები იწყება 600 დოლარიდან და აღწევს 1600 დოლარს, იმის მიხედვით თბილისის რომელ უბანში მდებარეობს მშენებერე ბინა. ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მყიდველებზე. კრედიტების უმრავლესობაც გაიცემა უცხოურ ვალუტაში, ამიტომაც მყიდველს ეშინია დოლარში კრედიტის აღების, თუ შემოსავალი ლარში აქვს. ეს ძალიან აძვირებს საბოლოო ჯამში ბინას. ძირითადი მოთხოვნა არის საბურთალოზე. უცხოელი მყიველები ჩემს სააგენტოში აღარ ფიქსირდებიან. საოფისე, სასაწყობე ფართებზე და სასტუმროებზე არის მოთხოვნა. სახელმწიფოს მხრიდან რა ხელშეწყობაა ვერ გეტყვით, თუ სახელმწიფოში გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, დარეგულირდება ვალუტის კურსი და იმატებს დასაქმებულთა რაოდენობა ნორმალური ანაზღაურებით, გაიზრდება მყიდველების რაოდენობა. ფასები კი ისეთია, უახლოვდება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს.“
Makler.ge : „გასულ წელს უძრავი ქონების ბაზარზე ყიდვა-გაყიდვა მეტნაკლებად გააქტიურდა, რადგან ფასები საცხოვრებელ ბინებზე გახდა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი, ხოლო ქირები შემცირდა. მეორად ბინებზე და ახალ კორპუსებში ფასები თითქმის იდენტურია, აქედან გამომდინარე პრიორიტეტი ენიჭება ახალ კორპუსებს. ფასები უძრავ ქონებაზე იცვლება უბნის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად უბნებად რჩება ვაკე, ძველი თბილისი, საბურთალო და ვერა, ამ უბნებში ყველაზე მაღალია ფასები. გარიგება დგება დოლარში, თუმცა მსურველების უმეტესობას ხელფასი ერიცხება ლარში, ხოლო უძრავი ქონების შესაძენად სჭირდება იპოთეკური სესხი, რომელიც გაიცემა დოლარში, ამიტომ ფრთხილობენ და თავს იკავებენ სესხის აღებისგან და ელოდებიან ლარის კურსის დასტაბილურებას. ჩვენი პროგნოზით უძრავი ქონების ფასები არ გაიზრდება უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, პირიქით, მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასის კლება.“
უძრავი ქონების სააგენტო ”ჩემი სახლი” :გასული წლის უძრავი ქონების ბაზარი წინა წელთან შედარებით გამოირჩეოდა კლების ტენდენციით, რადგანაც ნაკლები იყო მოთხოვნა უცხოელების მხრიდან. აზიიდან შემოსულმა უცხოელებმა დატოვეს საქართველო და შესაბამისად საოფისე და საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნაც შემცირდა. რაც შეეხება ფასებს, წინა წლებთან შედარებით ფასები შემცირებულია. თბილისში მეორად ბინებზე კვადრატული მეტრის ფასი იწყება 500-600$-დან, დაახლოებით იგივე ფასებია მშენებარე და ახალ ბინებზეც, ამიტომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭება ახალ ბინებს. ყველაზე მოთხოვნადი უბნებია ვაკე, საბურთალო და ვერა, სადაც ფასები სხვა უბნებთან შედარებით ყველაზე მაღალია. რაც შეეხება ქირას, აქაც იგივე ტენდენციაა ფასების კლებასთან ერთად მომხმარებლებიც ნაკლებია. ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსის ცვალებადობამ დიდი გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე, მყიდველებს უკვე ეშინიათ ბანკიდან სესხის გამოტანის, რადგნაც არასტაბილური მდგომარეობაა, ეს ეხება როგორც საოფისე ფართებს, ასევე საცხოვრებელსაც, უცხოელი მომხმარებლები კი უკვე საერთოდ აღარ სარგებლობენ ჩვენი სააგენტოს მომსახურებით. სახელმწიფოსგან კი, ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ ჩანს. ვფიქრობთ ფასები უფრო დაეცემა მომავალი თვეების განმავლობაში.“
უძრავი ქონების სააგენტო ბინა 2013: ”გასულ წელს უძრავი ქონების ბაზარზე, წინა წლებთან შედაარებით კლების თენდენციაა, რაც საერთო ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული. ფასების კლება შეინიშნება როგორც შეძენაზე, ასევე ქირაზე, თუმცა მომხმარებელი ნაკლებია, უცხოელები კი თითქმის საერთოდ აღარ ფიქსირდებიან. შეინიშნება ტენდენცია, იმის რომ მომხმარებლები მშენებარე და ახალაშენებულ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგანაც ფასები მეორადი ბინებისგან თითქმის არ განსხვავდება. კვადრატული მეტრის ფასი ცენტრალურ უბნებში 400$-დან იწყება, მოთხივნადი უბნები კი წელსაც იგივეა: ვაკე, ვერა, ძველი თბილისი და საბურთალო. ლარის კურსის მერყეობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე, მომხმარებლების უმრავლესობა თავს იკავებს შენაძენისგან, სახელმწიფოსგან კი დახმარებას არ ველოდებით. გაზაფხულზე ბინების ფასები, ვფიქრობ, დაეცემა.“
უძრავი ქონების სააგენტოებში თითქმის ერთნაირი მდგომარეობაა, გამოკითხული სააგენტოები მომხმარებელთა ნაკლებობას უჩივიან. როგორც ვიცით, უძრავი ქონების ბაზარზე ამინდს ასევე ქმნიან ”მშრალ ხიდზე” მომუშავე მაკლერები, ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თუ რა ტენდენციები შენიშნება უძრავი ქონების ყიდვა-გადივასა და გაქირავების საქმეში. ჩვენ გავესაუბრეთ მშრალ ხიდზე მდგარ რამდენიმე მაკლერს, ისინი მომხმარებელთა კლებას უჩივიან. ასევე აცხადებენ, რომ უცხოელი მომხმარებლების რაოდენობა ძალიან შემცირებულია, როგორც აღმოჩნდა, უძრავი ქონების ფასებმა იკო, მაკლერები ფასების კიდევ უფრო ვარდნას ვარაუდობენ. ყველაზე მოთხოვნადი უბანი კი, მათი თქმით კვლავ – ვაკე, საბურთალო და ვერაა. მაკლერები ამ მდგომარეობას ლარის კურსის ვარდნასა და ქვეყანაში არსებულ ზოგად ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებენ.
მასალა მოამზადა
ნინა პირტახიამ