თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ქართველი კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. ჯანელიძე მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს და აცხადებს, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სათანადო პატივი მიაგონ გარდაცვლილ კურსანტებს.
„ეს არის უზომო ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. უდიდესი დანაკარგი ჩვენი ჯარის მომავლისთვის, რადგან ის ბიჭები იყვნენ გამორჩეული კურსანტები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა ოფიცრებს კარგი განათლება მივცეთ, რათა მათ გააგრძელონ ქართული ჯარის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი ჩვენი ჯარისთვის და სამშობლოსთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სათანადო პატივი მივაგოთ კურსანტებს“, – განაცხადა ჯანელიძემ.
ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს.
რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 8 მარტს დაიღუპნენ.
ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კი, საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
ქართველი კურსანტების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.